„პირველ რიგში, პასუხი უნდა აგოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - ეს განცხადება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, კოლექტიური მელიას, ამ მოძრაობის, ამ პოლიტიკური ძალის ანამნეზი, ისტორია სწორედ ძალადობაზე, სწორედ ასეთ გადატრიალებაზე, დაპირისპირებაზე, პოლარიზაციაზე, სიძულვილზეა დამყარებული.
„სწორედ ტერორზეა დამყარებული, გადატრიალებაზეა დამყარებული და მათ არავითარი შანსი, რომ ოდესმე მოვლენ ხელისუფლებაში მშვიდობიანი, ნებისმიერი ბარიერით, ნებისმიერი ფორმით, პროპორციული, არაპროპორციული, შერეული, მაჟორიტარული არჩევნების პირობებში ნამდვილად აღარ დარჩათ, ეს კარგად იციან და, შესაბამისად, იყენებენ იმ ნაცად ხერხს, რაც მათ ანამნეზსა და ავადმყოფობის ისტორიაში უკვე არსებობს“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.
როგორც ზოიძე აღნიშნავს, ის გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ ვერ მოახერხა პოლიტიკური „შავი ჭირის“, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, მოშორება.
„იმ დღეს, როდესაც ძალიან მძიმე განხილვა გვქონდა, იგივე პარლამენტარიზმის კუთხით ვამბობ, როდესაც იმუნიტეტის მოხსნას განვიხილავდით, მაშინვე დავაფიქსირე, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ გავრილოვი იქ იმყოფებოდა, იმ სავარძელში ჩაბრძანდა, მაგრამ იმავდროულად ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რადგან მე, როგორც ერთმა ადამიანმა, „ქართული ოცნების“ წევრმა, ვერ მოვახერხე ამ პოლიტიკური, მართლაც შავი ჭირის, კიბოს მოშორება, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. მე თვალებში ვერ ვუყურებ იმ ახალგაზრდებს, ვინც დაშავდნენ, მაგრამ ძალიან მკაცრ პასუხისმგებლობას მოვითხოვ ყველა მათგანის, ვინც მიზეზი იყო იმისა, რომ ეს ახალგაზრდები დაშავდნენ, და ასევე, ის ადამიანებისასაც, რომლებმაც თავიანთ უფლებამოსილებას გადააჭარბეს. პასუხი უნდა აგოს ყველამ და პირველ რიგში „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც, პირველ რიგში, არის მიზეზი და ამოსავალი წერტილი, რატომაც მოხდა 20 ივნისის ღამე“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.