logo_geo
eng_logo
ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შესაძლო შეჩერების შესახებ ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან არ მიგვიღია
- +

3 ივლისი. 2019. 16:45

 

 

რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტის დროს განვითარებულ მოვლენებზე „ინტერპრესნიუსი“ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

 

- რა მდგომარეობაშია დღეისათვის ქართულ-რუსული ურთიერთობები და რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში?

 

- ისედაც რთული ქართულ-რუსული ურთიერთობები ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩდა. მოგეხსენებათ, რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება 8 ივლისიდან ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ. ეს ქართულ კომპანიებსაც შეეხება. გასულ წელს ორმხრივი ავიამიმოსვლით 1 127 000 ადამიანმა ისარგებლა, რაც მნიშვნელოვანი რაოდენობაა. მიმდინარე წლის 4 თვის მანძილზე ამ მიმართულებით 51%-იანი ზრდა გვქონდა. რუსეთსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს შორის მიმდინარე წელს 152 რეისი ფუნქციონირებდა. მას შემდეგ, რაც 2012 წელს პრაღაში დავიწყეთ ქართულ-რუსული დიალოგი, ბევრი ენერგია და მონდომება მოვანდომეთ სატრანსპორტო ურთიერთობების, კერძოდ, საავიაციო მიმოსვლის აღდგენასა და გაფართოებას. ამიტომ, პირადად ჩემთვის, ფრენების შეწყვეტა საკმაოდ უსიამოვნო ფაქტია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რათა, უპირველესად, მოხდეს ჩვენი მოქალაქეებისა და მეწარმეების ზარალის მინიმიზება.

 

- ხომ არ არის რუსეთის მხრიდან საუბარი სავაჭრო ურთიერთობების შეჩერების შესახებ?

 

- ოფიციალური წყაროებიდან ასეთი ინფორმაცია არ მიგვიღია.

 

- საჰაერო მიმოსვლის შეჩერების მიზეზი მხოლოდ ის მოვლენებია, რაც 20 ივნისს განვითარდა საქართველოს პარლამენტში, თუ სხვა ფაქტორებსაც ხედავთ?

 

- ქართულ-რუსული ურთიერთობების პრობლემათა ფართო ანალიზი შორს წაგვიყვანდა. მე ამჯერად ორ მთავარ პრობლემას გამოვყოფ. პირველი მათგანი უთუოდ არის დაკავშირებული იმ „ვიზუალთან“, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე, ანუ ბატონი გავრილოვი სპიკერის სავარძელში. მოგეხსენებათ, ქართულმა მხარემ მიიღო მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება, გადადგა ბატონი ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა დატოვა დეპუტატის მანდატი. მე რამდენიმე ინტერვიუ მივეცი რუსულ მედიას და ხაზი გავუსვი იმ გარემოებას, რომ სერგეი გავრილოვი კარგად იყო ინფორმირებული საქართველოში პოლიტიკური ვითარების ნიუანსებზე და ასეთი შეცდომა არ უნდა დაეშვა, ისევე როგორც ასამბლეის გენერალურ მდივანს ბერძენ ანდრეას მიხაილიდისს. ეს რუსეთთან ბოლო ხანს ურთიერთობის გართულების ის მიზეზია, რაც, ასე ვთქვათ, ზედაპირზე დევს და ყველამ ვიხილეთ. მაგრამ არის უფრო სიღრმისეული პრობლემაც.

 

- სანამ სხვა პრობლემას შევეხებით, თქვენ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში ქართველი საზოგადოებისთვის მიუღებელი „ვიზუალი“ ახსენეთ. თუმცა, შემდგომ დაძაბული მოვლენები იმ სასტუმროსთან განვითარდა, სადაც რუსული დელეგაცია იყო განთავსებული...

 

- დიახ, პარლამენტში დაძაბულობას სწრაფად მოჰყვა საზოგადოების გულწრფელი მწვავე რეაქცია და მოვლენებმა ქუჩაში გადაინაცვლა, რითაც, სამწუხაროდ, შემდგომ დესტრუქციულმა ძალებმა ისარგებლეს. ის, რომ აეროპორტის მიმართულებით გამგზავრების წინ სასტუმროსთან რუსი დეპუტატების მიმართ გარკვეული პირების ქცევაში გამოჩნდა ძალადობის ელემენტები, ეს არანაირად ჩვენს ტრადიციებს თუ ქცევის ნორმას არ შეესაბამება. ეს მიუღებელი იყო.

 

- თქვენ 20 ივნისის მოვლენების უფრო სიღრმისეული მიზეზი ახსენეთ. რა გქონდა მხედველობაში?

 

- ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ბევრი პრობლემა დაგროვდა, უმთავრესად ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით დაგვერწმუნებინა რუსული მხარე, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენისა და განვითარების კვალდაკვალ აუცილებელი იყო გარკვეული პროგრესი კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაღაც ეტაპზე ჩიხში მოქცეული პოლიტიკური ურთიერთობები აუცილებლად იმოქმედებდა სავაჭრო კავშირების განვითარებაზეც. სამწუხაროდ, ასეც მოხდა. ახლა ვითარების შეცვლას ორივე მხარის მონდომება დასჭირდება.

 

- გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მოსკოვში განიხილებოდა საკითხი ივლისის თვიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. შეგიძლიათ ეს დაგვიდასტუროთ?

 

- ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ განცხადებები იმის შესახებ, რომ აპირებდნენ სავიზო რეჟიმის მოხსნას, რაც შემდგომ არ მომხდარა. შესაძლებელია ამჯერად მართლაც გეგმავდნენ ამის გაკეთებას. თუმცა, მე ასეთი ინფორმაცია პრაღაში რუსეთის მხრიდან არ მიმიღია.

 

- დღეს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გრიგორი კარასინი რუსეთის ფედერაციის საბჭოში გააგრძელებს საქმიანობას. ამ შემთხვევაში რა ელის ე. წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატს?

 

- საუბარია ქართულ-რუსული დიალოგისა და კომუნიკაციის ფორმატზე, რომელსაც ხან პრაღის შეხვედრებს უწოდებენ, ხან აბაშიძე-კარასინის ფორმატს. რა თქმა უნდა, ეს კერძო პირების დიალოგი არ არის. საუბარია ორ ქვეყანას შორის კომუნიკაციაზე იმ პირობებში, როდესაც გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები და არ გვაქვს სრულყოფილი დიპლომატიური წარმომადგენლობები. კომუნიკაციის არხი უნდა შენარჩუნდეს. ამას გვირჩევენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. ის, თუ ვინ და როგორ აწარმოებს ამ დიალოგს, ეს სხვა საკითხია.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/554527-zurab-abashize-rusettan-savachro-urtiertobebis-shesazlo-shecherebis-shesaxeb-inpormacia-opicialuri-cqaroebidan-ar-migvigia/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner