პარლამენტის ყოფილი დეპუტატი პეტრე მამრაძე გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადაყენების მოთხოვნაზე პასუხობს:
„გახარია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადგეს, გარდა ერთი შემთხვევისა - თუ გამოძიება დაამტკიცებს, რომ გახარია პოლიციელებს ავალებდა, აბა, თვალში გაარტყით როგორმე; აბა, ჟურნალისტებს ზურგში ესროლეთ ან ძალას გადაამეტეთო; მაშინ უნდა გადადგეს. დარწმუნებული ვარ, გახარია ასეთ ბრძანებებს არ იძლეოდა. ასევე, თუ დამტკიცდა, რომ გახარია დამნაშავე სპეცრაზმელებს ხელს აფარებს, მაშინ მინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასეც არ ხდება“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ.
პეტრე მამრაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მოთხოვნით ძალოვანი მინისტრის წასვლა ყოველთვის წონადი რამ არის, თუმცა, ამავდროულად გახარია „ოცნების“ ლიდერებს შორის ხალხში მეტ-ნაკლებად პოპულარული სახე და მეტ-ნაკლებად ისეთი ფიგურაა, რომელსაც პატივს სცემენ.
„გახარია აღმოჩნდა ის ახალი სახე, რომელმაც თავისი ქცევით, თავისი მსჯელობით და სიტყვა-პასუხით მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში მოიპოვა პოპულარობა. ძლიერი და საჭირო ადამიანი ჩანს. ნაცებისთვის გახარია ყელში გაჩხერილი ძვალია“, - ამბობს მამრაძე.