„განმარტებებს, რომელსაც კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ვისმენთ, არის არაბუნებრივი და შემაშფოთებელია", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ტელევიზიის ეთერში, ჟურნალისტ ლაშა ზარგინავას გადაცემა „ფაქტორში" სტუმრობისას განაცხადა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებული ხმაური იყო ბუნებრივი.
„კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებული სიჩუმე, რომელიც მესმის სამართალდამცავი ორგანოებიდან და შესაბამისი სტრუქტურებიდან, რომელთაც ამაზე უნდა გაეკეთებინათ შესაბამისი რეაქცია, უკვე დამაფიქრებელია. კორცხელი იყო რეპეტიცია 2016 წლის არჩევნების. 2016 წლის არჩევნები არის ყელაზე მნიშვენლოვანი სახელმწიფოებრივი გამოწვევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ რეპეტიციის მიმართ უნდა ყოფილიყო სამაგალითო პოზიცია და რეაქცია. ის ხმაური, რომელიც არის, როგორც პოლიტიკოსების, ასევე საზოგადოების მხრიდან, არის ბუნებრივი, მაგრამ სიჩუმე, რომელსაც ჩვენ ვისმენთ სამართალდამცავებისგან, არის არაბუნებრივი და შემაშფოთებელი. როდესაც ვაკვირდებით ამ პროცესებს, მიჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება, რომელიც ასე უყურებს ამ პროცესებს. ეს თავქარიანი მომძველბიჭო დაჯგუფება წარმატებით გადმოიბირეს „ნაციონალური მოძრაობისგან", როგორც ზონდერული პოლიტკა, ასევე ის მექანიზმები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" ქონდა და, რომელსაც ძალიან ნათელი უარი ვუთხარით ზუსტად ოთხი წლის წინ. მათ „ნაციონალების" მიერ შექმნილი ძალადობრივი სისტემა გადმოიფორმეს და ახლა რაღაც დაჯგუფება საქართველოს სთავაზობს, რომ ასე წარმართავს პოლიტიკას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ქართულმა საზოგადოებამ „ნაციონალურ მოძრაობას" სწორედ ამ ძალადობის გამო უთხრა უარი და გაუშვა ხელისუფლებიდან.
„არავის ეგონოს, რომ ისინი შეძლებენ იგივე მექანიზმები თავს მოახვიონ ქართულ საზოგადოებას. პირველ რიგში არჩევნები ეკუთვნის საზოგადოებას და მერე - პოლიტიკოსებს. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ამომრჩევლების ღონისძიება და მერე - პოლიტკოსების. ყველამ იცოდეს, რომ ამ მოძველბიჭო ჯგუფს, რომელიც რაღაცას გეგმავს, უნდა გაეცეს პრინციპული პასუხი, მას უნდა გაეცეს პრინციპული პასუხი სახელმწიფოსგან. მე ვიქნები ჩართული ამ პროცსში ზედამხედველობის და ამ პროცესების გააზრების თვალსაზრისით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.