„გიორგი გახარიამ, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მინისტრმა, ქვეყანა ჩამოშლასა და უზარმაზარ ქაოსს გადაარჩინა“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ თოქ-შოუში „პირისპირ“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოძიება ბოლომდე უნდა მიიყვანოს და ყველა დამნაშავე დაისაჯოს.
„გიორგი გახარიას გადადგომაზე ლაპარაკი საერთოდ არ შეიძლება, გამომდინარე იქიდან, რაც მე წინა ხელისუფლების რეჟიმის პირობებში მინახავს. გახარიამ გამოძიება ბოლომდე უნდა მიიყვანოს და დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ვისაც ხელი წაუცდა ან რომელ ტვინშიც მოიხარშა ეს უბედურება, რომ ძალადობრივი გზით მოეხდინათ ხელისუფლების დამხობა და ხელისუფლებაში მოსულიყო ძალა, რომლის მმართველობაც კარგად ახსოვს ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.
მისი თქმით, 2007 წლიდან ყველა აქციის მონაწილეა და კარგად ახსოვს, როგორ ხდებოდა აქციების დაშლა, დარბევა და როგორი უბედურება მოჰყვებოდა ხოლმე ამას, ახლა კი სულ სხვა მოცემულობაა.
„როდესაც დგას პოლიციის კორდონი, იცავს სახელმწიფო დაწესებულებას - უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ერთ ნაბიჯსაც არ დგამს წინ და როცა დესტრუქციული ძალების მიერ აღგზნებული ახალგაზრდობა ყველანაირად ცდილობს პოლიციელების ცემას, ჩაქოლვას და უშვერი სიტყვებით ლანძღავს, ქვებს ისვრის და ამ დროს პოლიციელი ავლენს საოცარ მოთმინებას, ერთ ნაბიჯსაც არ დგამს წინ, ეს იმას ნიშნავს, რომ სულ სხვა მოცემულობასთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს კარლო კოპალიანი.