logo_geo
eng_logo
კახა კალაძე ნიკა მელიაზე: სამაჯური რა პრობლემას წარმოადგენს?
- +

4 ივლისი. 2019. 16:04

 

„ჩვეულებრივად აკეთებს განცხადებებს, საუბრობს ტელევიზიასთან, სამაჯური რა პრობლემას წარმოადგენს?“ - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიასათვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრების თაობაზე.

 

როგორც კალაძემ აღნიშნა, მელიას საქმიანობა ელექტრონული სამაჯურის დამაგრებით არ იზღუდება.

 

„პროკურატურის და სასამართლოს გადაწყვეტილებაში და კომპეტენციაში შევიდე, სწორი არ იქნება. ზოგადად, ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი, უნდა აგოს პასუხი. ადამიანურად, რამდენიმე დღის წინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ადამიანის ციხეში წასვლა არავის უხარია და არავისთვის სასიამოვნო არ არის. მაგრამ პოლიტიკოსებმა კიდევ ერთხელ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლებაში ხარ თუ ოპოზიციაში. ორჯერ და სამჯერ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ, ვიდრე რიგით ადამიანებს. შესაბამისად, ყველამ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი“, - განაცხადა კალაძემ.

 

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მელიას გარდა პასუხისმგებლობა დაეკისრებათ თუ არა გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილს, რაზეც კალაძემ უპასუხა: „ყველას უნდა მოეკითხოს, ვისი პასუხისმგებლობაც იკვეთება. მე არ ვიცი, ვის მიმართ არის ინტერესი“.

 

რაც შეეხება განცხადებებს, რომ ელექტრონული სამაჯურის დამაგრებით ნიკა მელიას საქმიანობა შეზღუდულია, კალაძეს მიაჩნია, რომ ეს სწორი არ არის.

 

„რატომ არ ექნება მას უფლება, სადეპუტატო საქმიანობა განახორციელოს? ჩვეულებრივად აკეთებს განცხადებებს, საუბრობს ტელევიზიასთან, სამაჯური რა პრობლემას წარმოადგენს? მე როგორც მოვისმინე, ის სამაჯური სხვა მიზნით არის გაკეთებული. პრეცედენტებზე საუბარი გამიჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner