„სერგეი გავრილოვის თემა არ განსაზღვრავს საქართველოს არც საგარეო და არც საშინაო პოლიტიკის პერიპეტიებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
ვოლსკის თქმით, დაშვებული იყო შეცდომა, რაზეც პასუხი აგო უმაღლესმა თანამდებობის პირმა, თანამდებობიდან გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატი მანდატს დაემშვიდობა.
„ეს მთავარი შედეგია, რაც ამ გაუგებრობამ მოგვცა. თუ აღნიშნულს საგარეო კურსთან დაკავშირებით გაგრძელება ექნება, ამაზე პასუხს არაერთი რეზოლუცია იძლევა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის ნებისმიერი ფორმატი, რაც თვალხილულია და ჩვენ თვალწინ ვითარდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.