დღეის ამას იქით ყველა ჩემ წერილს ერთი სათაური ექნება - „ბიძინას ბიძინასგან“. რა რაკურსითაც არ უნდა დააკვირდე პოლიტიკურ პროცესს, ყველა შემთხვევაში ერთ უპირობო დასკვნამდე მიდიხარ - ყველაფერზე, რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება, მთავარი პასუხისმგებელი სუბიექტი ბიძინა ივანიშვილია. მნიშვნელოვანი ისაა, რომ საზოგადოების ეს დამოკიდებულება ძალიან ბუნებრივად აღიქმება და კამათსაც კი არ იწვევს. რაც შეეხება მიზეზებს... მიზეზი ერთ წინადადებაში ეტევა - ბატონი ბიძინას ავტორიტეტი და მისდამი ნდობა კვლავაც ძალიან მაღალია, პოლიტიკური სისტემა უმწიფრობის სტადიაშია ჩარჩენილი, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება ჯერაც ვერ ჩამოყალიბდა.
*
ბატონო ბიძინა, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ორმოცამდე ანალიტიკური წერილი მაქვს გამოქვეყნებული. ცარიელ ადგილზე აღმოცენებული 20 ივნისის ღამის შემდგომ პერიოდში, კიდევ ერთხელ, გულდასმით წავიკითხე თითოეული მათგანი და იმ სამწუხარო (ტრაგიკულ) დასკვნამდე მივედი, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის ანალიტიკური და PR სამსახურები, უბრალოდ, ვერ ან არ მუშაობენ.
სხვანაირადაც ვიტყვი: „ქართული ოცნების“ ანალიტიკური სამსახურები და პიარ-ჯგუფები დაინტერესებული რომ იყვნენ საზოგადოების დამოკიდებულებით ამა თუ იმ პრობლემური საკითხების მიმართ, თუნდაც ჩემი წერილების გაცნობის შემთხვევაშიც კი, ნაკლებ შეცდომებს დაუშვებდნენ და საქმე გაცილებით კარგად იქნებოდა.
ბატონო ბიძინა, უკვე შეურაცხმყოფელ სახეს იღებს მმართველი პარტიის ურეაქციობა ხალხის წიაღიდან მრავალათასჯერ ამოთქმულზე, რომ ყველა პრობლემის სათავე ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულს ობობას ქსელივით მოდებული უსამართლობის განცდაა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დროა გონებაში ჩაიბეჭდოს, რომ ქართული სახელმწიფო ვერ შედგება, ვიდრე მრავალ სისტემურ დანაშაულში მხილებული პირები და ორგანიზაციები, დაუსჯელობით გათამამებულნი, აქეთ გვასწავლიან ჭკუას. ვიდრე ძალადობის, ძარცვისა და სამშობლოს ღალატისთვის გასასამართლებელი „ნაცმოძრაობა“, თავისი სატელიტებითა და თავისი პარტიული ტელევიზიებით, აქეთ გვიდგენს პოლიტიკურ დღის წესრიგს და ჩვენ მიერ არჩეული ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმში ჰყავს ჩაყენებული. მერამდენედ უნდა გახსენებდეთ საუკუნეებგამოვლილ შეგონებას - სადაც არ არის სამართლიანობა, არ არის მშვიდობა.
*
ბატონო ბიძინა, გადავწყვიტე, ახალი ციკლი დავიწყო წერილით, რომლის ძირითადი ნაწილიც, ბოლო შვიდ წელიწადში, ხუთჯერ მაინც მექნება გამოქვეყნებული (ვითარების შესაბამისად, მხოლოდ წინასიტყვაობასა და ბოლოსიტყვაობაში შემაქვს ხოლმე კორექტივები). სამწუხაროდ, წერილის შინაარსი აქტუალობას არ კარგავს აგერ უკვე თერთმეტი წელია და არც დაკარგავს, სანამ ყველა კითხვას დამაჯერებელი პასუხები არ გაეცემა.
*
2008 წლის აგვისტოს ე.წ. მოვლენებიდან თერთმეტი(!) წელი გავიდა, ძიების საქმე კი ადგილიდან არ იძვრის. არც პოლიტიკური შეფასება გაკეთებულა, რომ სამართალმა ნაწილობრივ მაინც იზეიმოს. ის, რომ საერთაშორისო ინსტიტუციამ მიიღო გამოძიების ჩატარების გადაწყვეტილება და ამისთვის პასუხისმგებელი პირიც შეარჩია (პროკურორი ფატუ ბენსუდა), ოდნავადაც არ იძლევა დამშვიდების საშუალებას. უბრალოდ, არ მჯერა, რომ გამოძიება იქნება დროული და სამართლიანი, თუ საქართველოს ხელისუფლება პარალელურ რეჟიმში არ იმუშავებს იმავე მიმართულებით.
არ მჯერა, რომ საერთაშორისო გამოძიება იქნება დროული და სამართლიანი, რადგან ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ ამ უმძიმეს დანაშაულში მთავარი დამნაშავეა რუსეთი, რომლის მიმართაც „იქ“, როგორც წესი, გადაწყვეტილებები მიიღება ხოლმე პოლიტიკური ინტერესებიდან, უფრო ზუსტად, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ხოლო მეორე სავარაუდო დამნაშავეა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, რომლის პირველი პირიც, მრავალ დანაშაულში მხილებული და საერთაშორისო ძებნაში გადაცემული მიხეილ სააკაშვილი, მის ძველ ლობისტებს, „საერთაშორისო სამართლის“ ცხვირწინ, წლებია საიმედო თავშესაფარში ჰყავთ გახიზნული, კაცმა არ იცის, ძველი „დამსახურებებისთვის“ თუ ახალი მძიმე სცენარების განსახორციელებლად.
საუკუნეების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ჩვენ გასაკეთებელ საქმეს სხვა არ გააკეთებს და მაინც, პირვანდელი ჟღერადობით გაისმის კითხვა: რატომ არ ხდება 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიება? მითუმეტეს, როცა საქმის ნახევარზე მეტი უკვე გაკეთებულია ჩვენი პარტნიორების მიერ (ტალიავინის კომისიის დასკვნა მაქვს მხედველობაში). ნაცვლად იმისა, რომ მრავალ დანაშაულში უკვე მხილებული რეჟიმი „კედელთან ჰყავდეს მიყენებული“, ხელისუფლება, კვლავაც გავიმეორებ, თვითონ იყენებს თავს თავის მართლების რეჟიმში.
მივყვეთ ქრონოლოგიას და მხოლოდ შიშველი ფაქტებით ვილაპარაკოთ: პროცესი 2004 წლის 6 მაისიდან იღებს დასაბამს. თეთრ ცხენზე მჯდარმა (თუ დასმულმა) სააკაშვილმა მთელი მსოფლიოს გასაგონად ბათუმიდან „დააანონსა“, რომ სექტემბერში ცხინვალში შევიდოდა, ხოლო 23 ნოემბრის გიორგობას სოხუმში აღნიშნავდა. ამის შემდეგ დაიწყო (საღი აზრის პოზიციებიდან სრულიად უაზრო), თანმიმდევრულ აქტივობათა სერიალი, რაც მთლიანად 8 აგვისტოს შემზადებას ემსახურებოდა, სწორედ იმ დასასრულით, რა შედეგიც მივიღეთ:
პირველი იყო ერგნეთის ბაზრობის, ქართულ-ოსური თანაცხოვრების ერთგვარი ხიდის, გაუქმება, რასაც მოჰყვა (მთელი ზაფხულის განმავლობაში) პროვოკაციათა ჯაჭვი - ავანტიურისტული, უგუნური გამოხდომები, იარაღის ჟღარუნის თანხლებითა და მძიმე შედეგებით. ამ ყველაფერს სამარცხვინო და საბედისწერო ფინალი ჰქონდა: ყველას მწარედ გვახსოვს, მტრის წინაშე მუხლებზე დაჩოქილი ქართულუნიფორმიანი რამდენიმე ათეული ახალგაზრდა და კვლავ მტრობაში გადაზრდილი, რის ვაივაგლახით აწყობილი ყოფითი კავშირ-ურთიერთობები.
შემდეგ, კოდორის ხეობისთვის (დალის ხეობისთვის) ახალი სახელის - ზემო აფხაზეთის(?) დარქმევა და ცხინვალის რეგიონისთვის (სამაჩაბლოსთვის) ძველი, საბჭოთა პერიოდის სახელისა და ფაქტობრივად, საბჭოურივე სტატუსის დაბრუნება;
შემდეგ, კოდორის ხეობაში, ადგილობრივი მცხოვრებლებით დაკომპლექტებული შეიარაღებული რაზმის, „მონადირის“ გაუქმება და სამთავრობო ნაწილების შეყვანა (უდიდესი პროვოკაცია, საერთაშორისო მანდატით მოქმედი რუსი სამშვიდობოების პირობებში);
შემდეგ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიაში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული ანალოგიური არჩევნების პარალელურად. ამ აქტით, ნაცხელისუფლების მიერ, ფაქტობრივად მოხდა როგორც მის მიერვე აღდგენილი ავტონომიური წარმონაქმნის, ისე დე-ფაქტო მოქმედი პრეზიდენტის უფლებების (სტატუსების) „გაპრავება“. ამ ყველაფერს მუდმივად ფონად სდევდა ფსევდოაგრესიული რიტორიკა (როგორც წესი, მსგავსი თამაშების ნაწილია და რეალური გეგმის შენიღბვას ემსახურება), როგორც ოსური მხარის, ისე რუსეთის უმაღლესი ხელისუფალის მისამართით.
იმავდროულად, პარალელურ რეჟიმში, ფართოდ ეხსნება კარი რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს. ინტერვენცია იმდენად მასშტაბურია, რომ ქართველი ეკონომისტები არ ერიდებიან ისეთი მძაფრი შეფასებების გაკეთებას, როგორიცაა - „საქართველოს ეკონომიკის საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფოს ხელშია“. მართლაც, კომენტარი ზედმეტია.
*
უაღრესად საყურადღებოა ის გარემოება, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სააკაშვილს გვერდიდან არ მოშორებია ათეული წლების განმავლობაში ჯერ საბჭოთა კავშირის და შემდგომ რუსეთის მაღალი რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკი, ამ ქვეყნების სპეცსამსახურების განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირი, დღემდე რუსეთის მოქალაქე, თემურ ალასანია. საინტერესოა, რომ მისი როლი ოფიციალურად იყო გამყარებული მრჩევლის სტატუსით და არც ის იყო დამალული, რომ საქართველოს მოქალაქე პოლიტიკოსებსა და უფრო მაღალი სტატუსის ჩინოვნიკებზე მეტი გავლენით სარგებლობდა პრეზიდენტის კარზე.
(ვიმეორებ, თემურ ალასანია დღესაც რუსეთის ერთგულ მოქალაქედ რჩება და კითხვაც არ უნდა იბადებოდეს, ვის ინტერესებს დაიცავდა რუსეთ-საქართველოს გამწვავებული ურთიერთობების პირობებში.)
2018 წლის სექტემბერში პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, საგარეო საქმეთა სამინისტროდან საბჭოთა კავშირის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტების კურსდამთავრებულების დათხოვნის შესახებ. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ რუსული სპეცსამსახურების სკოლაგამოვლილების ნდობა ათწლეულების შემდეგაც არ შეიძლება. ძველებურად რომ ვთქვათ - ამ საქმეში „ყოფილები“ არ არსებობენ.
ცნობილი ფაქტია, რომ ხსენებული „სკოლის“ აღზრდილია მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც, დამატებით, გავლენიანი ბიძის „ხელის წაკვრით“, კგბ-ს სასაზღვრო ნაწილებში გაიარა სამხედრო სამსახური.
აგვისტოს შემზადებაში თავისი მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა „ნაცების“ ერთ-ერთ ლიდერს და საპრეზიდენტო კანდიდატს, იმ დროს რუსეთის მოქალაქეს, გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც სააკაშვილთან ერთად „ომის“ ბოლო წუთებამდე მთელ მსოფლიოს არწმუნებდა, რომ „რუსები კარგად იქცევიან“.
გრიგოლ ვაშაძეც, სააკაშვილის მსგავსად, უშუალოდ კგბ-ს პატრონაჟის ქვეშ მოქმედი, ზემოხსენებული სასწავლო დაწესებულების კადრი გახლავთ, რომელმაც თავისი „შეგნებული ცხოვრების“ უდიდესი ნაწილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბირთვული შეიარაღების დეპარტამენტში, კგბ-ს პირდაპირი დამზერის სახელმწიფო სტრუქტურაში გაატარა, ანუ „მაღალი ნდობის“ პერსონა იყო.
აგრეთვე, კგბ-ს პატრონაჟს ექვემდებარებოდა რუსეთის გარე აგენტურის ცნობილი სამჭედლო, მოსკოვის პატრის ლუმუმბას სახელობის ინსტიტუტი, რომელსაც უკავშირდება სანდრა რულოვსის ბიოგრაფიის გარკვეული მონაკვეთი.
*
ყველაფერი, რაზედაც ზემოთ იყო საუბარი, უტყუარი ფაქტებია. მათ ერთობლიობას და მოვლენათა განვითარების ლოგიკას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ გეგმაზომიერად ხორციელდებოდა აგრესორი სახელმწიფოსთვის ჩვენი ტერიტორიების გადაცემის პოლიტიკა.
ბუნებრივია, პასუხს მოითხოვს კითხვა - მაშინდელი ხელისუფლებისთვის რა აუცილებლობა, უფრო სწორად, რა იძულება განაპირობებდა ამ მძიმე არჩევანს?
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსვლამდე, ქართულ პოლიტიკაში პროდასავლური ან პრორუსული არ იყო ღირებულებითი კატეგორიის ცნებები. ისინი აღნიშნავდნენ ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის მზადყოფნას, თავის სამშობლოში ბრმად ემსახურებოდეს აშშ-ის ან რუსეთის ინტერესების გატარებას. ქვეყნის ბოლშევიკურ-ნაცისტური მეთოდებით მმართველი სააკაშვილის პროდასავლურობაზე საუბარი დასავლური ფასეულობების (თავისუფლება, სამართლიანობა, დემოკრატია) შეურაცხყოფაა. სააკაშვილის და მსგავსი მენტალური წყობის ადამიანებისთვის ყველაფერს პირადი ინტერესი, პირადი ამბიცია განსაზღვრავს. როცა პირადი ინტერესი და ამბიცია წინ უსწრებს სახელმწიფო ინტერესებს, ეს ინტერესი და ამბიცია ავადმყოფურია.
ძალაუფლების ხიბლით შეპყრობილი ადამიანი (ადამიანები) ბევრ რამეზეა წამსვლელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ძლიერი ხელისთვის, რუსული იქნება ეს თუ ამერიკული (ან ორივე ერთად - XXI საუკუნე ორმაგი აგენტების ხანაა), სურვილის შემთხვევაში, ადვილია მისი (მათი) მართვა.
ამავე კონტექსტში, განსაკუთრებული ადგილი უკავია ფულის თემას. ცნობილია, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის ჩვენი პარტნიორების მხრიდან გამოყოფილი იყო რამდენიმე მილიარდი დოლარი. კითხვა ამ თანხის მიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით აგვისტოს ომამდეც ხშირად ისმოდა, ხოლო სამარცხვინო კაპიტულაციის შემდეგ მან კიდევ უფრო მძაფრი ჟღერადობა შეიძინა. მართლაც, სად იყო ის შეიარაღება და ქართული სარდლობის ის შემართება, რომელსაც „ყველა მტერთან გამკლავება შეუძლია"? (სააკაშვილის სიტყვებია).
არახალია, ძველია, რომ ომზე მდიდრდებიან. ისიც არახალია, რომ „ომი ყველაფერს ჩამოწერს".
იარაღის თემა და მასთან დაკავშირებული მილიარდები შესაბამის უწყებათა კვლევის საგანია. ადვილი შესაძლებელია, რომ მან საერთაშორისო მასშტაბიც შეიძინოს, რადგან, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში წარმოჩნდება ხოლმე ე.წ. ტრანს-ეკონომიკური ინტერესები უარყოფით კონტექსტში. შეხსენებისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ ღიად გაიჟღერა თემურ ალასანიას სახელმაც (მხედველობაში მაქვს ირაკლი კაკაბაძის უაღრესად საყურადღებო, მამხილებელი პუბლიცისტური წერილები).
ერთი სიტყვით, საკმაო საფუძველი არსებობს იმ ვარაუდისთვის, რომ სააკაშვილმა ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად შეასრულა რუსეთის ხელისუფლების ყველა დავალება, რასაც, მეტი გარანტიისთვის, პუტინის შტაბის დავალებითვე, მუდმივ კონტროლს უწევდნენ თემურ ალასანია, გრიგოლ ვაშაძე, სანდრა რულოვსი, აგრეთვე კახა ბენდუქიძე, რომელიც, თავის მხრივ, ფართომასშტაბიანი აგრესიის ეკონომიკურ ნაწილზე იყო პასუხისმგებელი.
გარდა ამისა, საკმაო საფუძველი არსებობს იმ ვარაუდისთვისაც, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგების მომტან „ომზე“ დიდი ფული (მილიარდები) გაკეთდა.
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო გამოძიება საქმის ამ და მსგავს ასპექტებს ყურადღებას არ დაუთმობს და არც უნდა დაუთმოს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების პრეროგატივაა.
მხოლოდ გულუბრყვილო ამომრჩეველზე შეიძლება იყოს გათვლილი ის ყალბი ისტერიკა, რომ ომზე ყველა სიმართლის თქმამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ინტერესს. ყალბია პირველ რიგში იმიტომ, რომ რა დანაშაულიც არ უნდა ჩაედინა სააკაშვილს, ეს რუსეთის, როგორც აგრესორის და ოკუპანტის პასუხისმგებლობას ვერ შეამცირებს და მეორე - იმაზე მეტს მაინც ვერ იტყვი, რაც არაერთგზის უკვე თქვეს ტალიავინის („გაზპრომის აგენტის“) კომისიამ, ევროსაბჭოს რეზოლუციამ, კონდოლიზა რაისმა, რიჩარდ მაილსმა და სხვ.
ჩემი ღრმა რწმენით, ვისაც ჯერ კიდევ არ სურს აღიაროს სააკაშვილის პასუხისმგებლობა აგვისტოს ომის შედეგების გამო (თუნდაც ის რად ღირს, რომ ქართული სოფლებიდან არ მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია), თვითონაც ინაწილებს ამ პასუხისმგებლობას, თუნდაც მორალურს და მათაც შესაბამისად უნდა მოეთხოვოთ ამისთვის.
თუ რა სიმძიმისაა ეს პასუხისმგებლობა და რა ფასად დაუჯდა ის ქვეყანას, ამაზე ომის შედეგები მეტყველებს: ას ორმოცდაათზე მეტი დაკარგული სოფელი; ასეულობით დაღუპული სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე; ასეულობით დანგრეული, გადამწვარი და მიტოვებული სახლი; ათასობით ახალი დევნილი; ასეულობით შეურაცხყოფილი (მათ შორის, გაუპატიურებული) ადამიანი; ძირძველ ქართულ მიწაზე ორი ახალი დე ფაქტო სახელმწიფო, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი არმიის საჯარისო შენაერთებით დაცული და გამყარებული...
ბატონო ბიძინა, წერილში წარმოდგენილი სავარაუდო დანაშაულთა ჩამონათვალი, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, აუცილებლად დადასტურდება, რაც, არც მეტი არც ნაკლები, სამშობლოს ღალატის კვალიფიკაციას იმსახურებს...
რეალობაში კი რა ხდება?.. რეალობაში ხდება ის, რომ კოჰაბიტაციური მარაზმი მაზოხიზმში გადაიზარდა და იმ მდგომარეობამდე მიიყვანა ჩვენი ნანინანატრი ხელისუფლება, რომ ორგანიზებული ღალატის „შემოქმედთა“ ხროვამ „გავრილოვის“ სკამში ჩახტომით (ამ თემაზე ვრცლად შემდეგ წერილში მოგახსენებთ) გადაგიწონათ ყველაფერი და ამაში მძიმე საზღაურიც გადაგახდევინათ - მოსალოდნელი პრობლემების(?) თავიდან აცილების მიზნით(?), გაიძულათ, გაგეწირათ ქვეყნის რეალურად მეორე პოლიტიკური ფიგურა (თქვენს შემდეგ), გუნდის ყველაზე ნაყოფიერი და წარმატებული წევრი (ამაზე ჩემს წინა წერილებში ბევრი მაქვს ნათქვამი), პარტიის მთავარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და ყველაზე არაპოპულარულ რეფორმებზე თქვენთან ერთად პასუხისმგებლობის ღიად თავზე ამღები, ანუ ყველაზე რთულ სიტუაციებში თქვენთვის ზურგის გამმაგრებელი, ერთადერთი(!) პირი.
ბატონო ბიძინა, აი, ეს გახლავთ შეულამაზებელი სიმართლე და რეალობა. ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქის მოვალეობაა, ხელისუფლებას მოსთხოვოს ფაქტებს და მოვლენებს დროულად დაარქვას თავისი სახელი, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისით.
თავის მხრივ, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვალდებულია, სრულად და ამომწურავად უპასუხოს იმ დიდ გამოწვევას, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია. სხვანაირად, ქვეყანაში გამეფებული მართვადი ქაოსი არ დასრულდება და ღირსეული, ანუ „საოცნებო“ სახელმწიფოს შენების პროცესი გარდაუვალ ჩიხში მოექცევა, რადგან - სადაც არ არის სამართლიანობა - არ არის მშვიდობა!!!
ბიძინა დვალი