ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
„მაესტროსთან" დაკავშირებით ახალი სკანდალი აგორდა.
არ მინდა დეტალებზე საუბარი. გაირკვევა ყველაფერი.
უბრალოდ, მსურს გაგიზიაროთ მოსაზრება ამ სკანდალთან და მის უნებლიე "გმირთან" დაკავშირებით.
მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ჟურნალისტიკაში მოღვაწე, ისევე, როგორც შოუ-ბიზნესის უცხოური ვარსკვლავების გვარები ფართოდ ცნობილია. მათი ცხოვრების თუ გარეგნობის, ჩაცმულობის, დიეტის თუ სხვა დეტალები ბევრმა ზეპირად იცის, მათი ჩამოსვლა საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენად გადაიქცევა. ზოგიერთმა ჩამოსულმა თავი "უკანალის" ჩვენებითაც დაამახსოვრა მაყურებელს. საკუთარ ვარსკვლავებს კი... უმეტესად არ ვწყალობთ. არ ვპატიობთ სულ მცირე გადაცდომასაც (?) კი და... ზოგს ციხეში ვაყურყუტებთ და ზოგსაც ერის მოღალატედ ვაცხადებთ... არადა, მოსაფერებელი მართლაც არაერთი გამორჩეული ადამიანი გვყავს, რომელთა მართლა ვარსკვლავად აღიარებას რატომღაც ვერიდებით.
ცუდია ეს. ცუდია, რამეთუ დადებით მაგალითზე აღზრდაზე ეფექტური არაფერია. ლანძღვა-გინების ატმოსფეროში აღზრდილი ხალხი საზოგადოებად ვერ ჩამოყალიბდება. "ჩასარეცხების" სია კი წინა ხელისუფლებამ "ანდრძად" დაგვიტოვა. ეს "ტრადიცია" დასამთავრებელია!
ახლა კი ჩვენს თვალწინ ნამდვილ ვარსკვლავად ჩამოყალიბებულ ერთ ახალგაზრდა კაცზე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა.
ეს კაცი - გიორგი ისაკაძეა!
იგი ნამდვილი ვარსკვლავი
- არის პროფესიონალ-ეკონომისტთა წრეში;
- იყო, როცა ეკავა მაღალი პოსტები სახელმწიფო-საჯარო სამსახურში;
- იყო არასამთავრობო სექტორში (ბიზნესასოციაცია). გვახსოვს მისი პრინციპული და ადამიანური ნაბიჯები ურთულეს ვითარებაში;
- არის ტელე- მენეჯმენტსა და ტელეჟურნალისტიკაში!
- არის თავისი საქმიანი თაობისა, ჩამოყალიბებული მის ერთერთ გამოკვეთილ ლიდერად!
ამიტომ არის ერთობ დაინტერესებული, ემოციური, ფართო რეაქცია საზოგადოებრივ და პროფესიულ წრეებში იმ გადაწყვეტილების გამო, რომლის შედეგიც გახლავთ "მაესტროდან" მისი "ინტელიგენტური გამოძევება".
არ მინდა ვიწამო რაღაც "შეთქმულების" და სხვა "იდიოტობების" თეორიის რეალობა, რაც ასე დაჟინებით ვრცელდება მოარული ხმებით.
უფრო იმას ვვარაუდობ, რომ ეს შემთხვევა "რაღაც" გაუგებრობის, აჩქარების შედეგია, დაფუძნებული ემოციაზე და არა ტელეაუდიტორიის ინტერესების შესწავლა-ანალიზსა და გათვლაზე, რამეთუ "მაესტროს" უფლებამოსილ პირთა ეს გადაწყვეტილება არ ჯდება იმ ჩარჩოებში, რასაც ქვია პროფესიული ეთიკა, ზოგადად-ზნეობა, მედია-ბიზნესის და მედია მენეჯმენტის მიზანი და პრაქტიკა და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური გამჭრიახობა და არსებული რეალობა.
ეს აბსოლუტურად დამაბნეველი გადაწყვეტილება მმართველ ძალასთან რომ არ უნდა იყოს დაკავშირებული და უბრალოდ, გაუგებრობაა, თუნდაც იქედან ჩანს, რომ "რუსთავი2"-თან დაკავშირებული საზოგადოებრივი მღელვარების ფონზე ამ ახალი "ცეცხლის ხაზის" გახსნას ნებისმიერი ჭკვიანი ხელისუფლება არცერთ შემთხვევაში არ მოინდომებდა, თუ იგი რეალობას მთლად არ არის მოწყვეტილი, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, თუ ჭკუიდან საბოლოოდ არ არის გადასული.
ჰოდა, ვინაიდან გიორგი კვირიკაშვილს არაფერი უჩანს მსგავსი "ავადმყოფობის", ეს "მაესტროს" შიდა პრობლემა უნდა იყოს და, ვიმედოვნებ, გონიერი, პრაგმატული კაცები-ძმები გაჩეჩილაძეები და მათი პარტნიორ-მრჩევლები, ღირსეულად გაანეიტრალებენ ამ საკამათო-საეჭვო ნაბიჯს, რასაც აშკარად ასდის არაკომპეტენტურობის სურნელი და რომელიც დროულად თუ არ გაქარწყლდა, უპირობოდ გადაიზრდება სიმყრალეში!
რაც შეეხება ისაკაძის გუნდს, ამ ზნეობრივად სუფთა და მომხიბლავმა ახალგაზრდებმა ნამდვილად დაიმსახურეს საზოგადოების გულწრფელი სიმპათიები!
თავად გიორგი ისაკაძეს კი ვულოცავ პოლიტიკურ სცენაზე ტრიუმფით დაბრუნებას, რამეთუ ის არ ეკუთვნის იმ "პრიმიტივთა" რიცხვს, რომლებიც ასეთ საჩუქარს თავის სასარგებლოდ არ გამოიყენებს. ასეთი "პიარ-აქცია" სულ ცოტა მილიონი მაინც ღირს და გიორგის ის სრულიად უფასოდ მიართვეს.
ოღონდ, ერთი რჩევა: სცენას გააჩნია, გიორგი!
შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ ანაზღაურება, აკუსტიკა და განათება ოპერის, რუსთაველის, ფილარმონიის სცენაზე ნაკლები როდი აქვს რომელიმე კლუბს თუ საბანკეტო დარბაზს.
კითხვის ნიშნებს არ უნდა იწვევდეს ტრადიციები და ფასეულობები! აი, ეს არის ძირითადი კრიტერიუმი!
გიორგი ისაკაძე:
ცალკარა ამ თემაზე არ გამოვა.
და, ეს არის გამონაკლისი.
მოკლე რეზიუმე (არც წერილია დიდი) მიმოწერის ნაწილიდან შპს "სტუდია მაესტრო" სთან:
- "დასტური "მაესტრო"-ს დირექტორის სახელზე, რომ მისი მოწერილობის შემდეგ კონტრაქტი არ საჭიროებს გადახედვას (იგულისხმება ხელფასის ზრდაც).
- ეთერის უწყვეტობის უზრუნველყოფა (სამივე პროექტი: "ანალიტიკა" "ბიზნესკონტაქტი" "საქმიანი დილა").
- "ანალიტიკა" (პარასკევი) ძველებურად და კონტრაქტის ფარგლებში გაუძღვებიან წამყვანები."
ანუ, 23 მაისს - ყველაფერი იყო რიგზე. და შეთანხმებულიც.
ეთერიც, პროექტიც, ხელფასი და კონტრაქტი.
მე ამ თემაზე კომენტარი გავაკეთე:
თუ "მაესტრო"-ს რეალურად მხოლოდ ფინანსური მოტივიცია ამოძრავებდა ჩემთვის კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტაში, მხოლოდ გუნდის და პროექტების გამო ჩემი შეთავაზება ძალაშია:
1 ლარი (1 GEL).
http://www.interpressnews.ge/.../382418-giorgi-isakadze-mzada...
P.S.მე მეტი დოკუმენტების (მიმოწერის) გასაჯაროებას არ ვგეგმავ.ყველაფერი დანარჩენისთვის არსებობს სასამართლო და ეთიკა, რომელსაც არ დავარღვევ.
მაგრამ ....
ცალკარა ამ თემაზე არ გამოვა.ეს დაივიწყეთ.
ველი პასუხს.
P.S.S სოციალურ ქსელში ვამატებ ჩემს მოწოდებას ბიზნესკონტაქტი/Business contact & საქმიანი დილა გუნდისადმი,რაც რამდენჯერმე გავაკეთე:
მე ეს პროექტები დახურვისთვის არ შემიქმნია! მიხედეთ საქმეს!
ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! განსაკუთრებით ჩემს დიდ ოჯახს ბიზნესკონტაქტი/Business contact და საქმიანი დილა.
პირობას ვიძლევი, ეს ოჯახი მხოლოდ გაიზრდება და გაძლიერდება.