logo_geo
eng_logo
გურამ რჩეულიშვილი - 85
- +

5 ივლისი. 2019. 15:55

 

 

“…მიზანი არის ის, რისთვისაც ცხოვრობს ხალხი, მიზნისკენ მივდივარ მე, მიზნისკენ მივრბივარ მე, ხანდახან ვზივარ სახლში ჩემთვის და ვიცინი - ესეც მიზანი, მაგრამ მაინც ვიცინი, ისე ცხადადა ვგავარ უჯიშო ვირს, რომლის ზურგზეც ბიჭი ზის, დაღლილი სახედრის ცემისგან, სახედარს მეტი აღარ შეუძლია, ფეხები ეკეცება, კუდის ქვეშ ნიშადურიც კი აღარა შველის - ა? - სახედარი დამშეულია, სახედარს მოსწყინდა ტყუილად ჭენება, გარშემო ტრამალია და სწორი გზა.

 

ბიჭი იღებს თივას, აბამს ჯოხს და ზედ თვალებთან უკიდებს პირუტყვს. პირუტყვი ენით სინჯავს ბალახს, მაგრამ ვერა სწვდება მას, მაშინ დგამს ნაბიჯს, კიდევ ვერა სწვდება, ჩქარდება, მიდის გამალებული, მირბის, წიხლებს ისვრის, მიჭენავს, მის წინ კიდია მიზანი, რაც უფრო ჩქარა გარბის თვითონ, მით ჩქარა მირბის მიზანი მისგან, მის ზურგზე დამჯდარი ბავშვის ფორმაში გამოწყობილი ეშმაკი ხარხარებს, მან იცის, რომ სახედარი ისევ დაიღლება, მაგრამ ეს არ აშინებს - დაღლილი ნაკლებს შეჭამს, მერე კი, საკმარისი თივის მაგიერ - რომლისთვისაც ვირს სირბილი მოსწყინდა - დაკიდო ბანანი - მიზანი უფრო დიდია, უფრო გემრიელი და უფრო მაგრა მირბის თავდაღუნული ვირი, ბანანის შემდეგ შეგიძლია დაკიდო თვითმფრინავი, მერე სპუტნიკი, ვირისთვის ყველა ერთნაირად მიზანია, მას უბრალოდ, მოსწყინდა ერთი და იმავე ნივთის ყურება, გამოცვლი თუ არა საგანს, თვითონ გაიქცევა - ბოლოს და ბოლოს, ვირიც კი სწავლობს საგნების გარჩევას და თვითონ ურჩევს, უკარნახებს ეშმაკს, რა ნივთი უნდა დაკიდოს მან, რომ სირბილს უმატოს - გარშემო კი ტრამალია და სწორი გზა. ნივთები კი ულევია, უთვალავი, თვითმფრინავიდან შეგიძლიათ პირდაპირ კალიას დაკიდებაზე გადახვიდეთ, ეს კალიაც მიზანია, რადგან ვირი მასაც ვერ სწვდება და უფრო ბრაზდება: ასეთი პატარა რა გახდა, რომ ისიც ვერ დაიჭიროს?!

 

 

გურამ რჩეულიშვილი, 1955 წელი

 

 

და საერთოდ, რა არის დიდი და პატარა - მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებითობა - რადგან სამყარო განუსაზღვრელია დროსა და სივრცეში და მიზანი მიაღწიო მის კიდეს, ისეთივე სასაცილოა, როგორც დაიჭირო ორი სანტიმეტრის წინ თავდაპირველად ჩამოკიდებული თივის ფუჩეჩი, მაგრამ დაიცადეთ, არ დაიღალა სახედარი? არა, - ის იმიტომ არის სახედარი, რომ ირბინოს.

 

ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მე ვირს აქ ადამიანის მნიშვნელობით ვხმარობდე, სრულიადაც არა. ვირი რჩება ვირად, ადამიანი ადამიანად, მაგრამ მიზანიც რჩება მიზნად, რომელიც ზუსტად იმ მანძილზე კიდია ჩვენგან, რომ დაელმებული თვალებით დაინახო - ეს არასიცხადე პირველი თვისებაა მიზნის და იმას, რასაც პირდაპირ უყურებ, მიზანი არა ჰქვია, დაელმებული ყურებისას კი მიზანი ბუნდოვნად მოჩანს, ხანდახან ცხადად, ოღონდ გაორებული, გაასებული, უფრო მეტად თვალებზე ეფარება და სულაც აღარა ჩანს და საუკეთესო შემთხვევაში ჩანს ერთი, მკაფიოდ ცხადი, ოღონდ გემო არ იგრძნობა მისი, რადგან პირი ვერა სწვდება, ენა არ ეხება, ზოგჯერ ეხება ენაც, ოღონდ ვინ იცის, მართლა ისეთი გემო აქვს მას, როგორადაც იგრძნობა, თუ, რომ გადაყლაპო, სხვაა?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქ ყოყმანის დრო არ არის და თუ მოახერხებ გადაყლაპო, ღმერთო ჩემო, შეიგრძნო, რომ ის, რისთვისაც ამდენი გირბენია, გამომშრალი თივაა და არა მიზანი, მიზანი სხვა არის, - ამ დროს, შენი კარნახით, ცვლის ეშმაკი მიზნის გეომეტრიულ ფორმას და სახედრის ფორმაში გამოწყობილი ადამიანი მირბის თავპირის მტვრევით, დარწმუნებული თავისი გზის სისწორეში.

 

 

 

გურამ რჩეულიშვილი, 1955 წელი

 

 

გზა კი მრგვალია, რადგან ჩვენი მიწა თვითონ მრგვალია და, საერთოდ, ყველაფერი მრგვალია - მაგრამ ამისი შეცნობა უკვე ნიშნავს, თავი დაანებო მიზანს და დადგე ან შემობრუნდე და მეორე მხრიდან დაიჭირო მიზანი, მერე რა, არც ეს არის ცუდი, ყოველ შემთხვევაში, უფრო ხელსაყრელია, რადგან, მართალია, (ვგულისხმობ, რომ მიზანი შენთან ერთად არა ბრუნდება, არამედ რჩება ადგილზე), შენში ვგულისხმობ სახედარს, როგორც ყველაზე კარგ და უბოროტო გამოსახულებას, მიზანი შენ არ მოგდევს, მაგრამ გარანტია უფრო დიდია, უფრო მიმზიდველი, უფრო საამაყო, მეტი სატრაბახო - შენ წინ არ ხედავდე, ნისლში გახვეული აპობდე ათასგვარ პატარა მიზნებს და მიდიოდე დიდი მიზნისკენ, რომელიც არა ჩანს და რომელიც რკალის შუა ადგილზე დევს. და რაც უფრო ძნელია მასთან მისვლა, უფრო მეტ ენერგიას გრძნობ იქ მისვლისთვის - აი, ბოლოს მიხვედი და რა? ისევ ის ჩალა აღმოჩნდა, რომლის გემოც უკვე გასინჯული გქონდა, _ ეშმაკები! _ შენ იღლები და ეძლევი უიმედობას, წერ სამგლოვიარო მუსიკას, შენი უხეში ხმით, და რაც უფრო გაჰკივი, უფრო მეტი ცრემლები მოგდის თვალებიდან, გარშემო კი ბნელა, ღამეა, წერ სევდიან ლექსებს შენს გულში და ფიქრობ, რომ აღარ გათენდება, რადგან დარჩი უმიზნოდ და არ შეგიძლია კარგი რამე იფიქრო, - აა შე!

 

 

ჩანახატი მინიატურიდან, მარტი, 1957 წელი

შენს გულში კი იმედი ღვივდება, შენ დაისვენე ღამე, შენ გამოიძინე, გარდა მაგისა, ჩალამ ძალა მოგცა, გაგაძღო, და შენ ხედავ, რომ სადღაც თენდება, საიდანღაც ამოდის მზე, ჯერ გეზარება გაღვიძება, ცდილობ თავი მოიმძინარო, ერთი-ორი კიდევ ამოიოხრო და ადგე თავის ტყუებით, რომ გარშემო სიცარიელეა და უმიზნობა, მაგრამ დამჯდარს ისე არ უნდა დაწოლა, როგორც ფეხზე ამდგარს გავლა და უფრო მეტიც - თავდავიწყებული სირბილი.

 

 

გურამ რჩეულიშვილის სახელობის მწვერვალი

 

მაგრამ შენ უკვე ჭკუა ისწავლე - ჩალის გემო საბოლოოდ გაიგე; რომელი ჩალის? ჩალა რამდენიც გინდა, იმდენია აქ, ამ ქვეყანაში, შორიდან კი მზე ანათებს… დიდი, ბრჭყვიალა, თბილი, მიმზიდველი - და მზემდე სწორი გზა მოჩანს, აი, მიზანი, აი, იქით ღირს გაქანება, რადგან მზე შენს ზურგზე არაა დამაგრებული და იქამდე შეიძლება მისვლა - მთავარი განზრახვაა, თორემ მისვლით მიხვალ, მერე რამდენად მიმზიდველია ასეთი მიზანი, წინ სწორ გზაზე - დედამიწა უკვე იცი, რომ მრგვალია, იქ კი - მეტი ფიქრი საჭირო აღარაა - მიზანი ჩანს, გაიქეცი იქითკენ, გავარდი, გაფრინდი და ჩემს რჩევას ყურს ნუ დაუგდებ - არ შეიტრუსო ისე, როგორც სანთლისკენ მიმფრინავი პეპელა, რომლისთვისაც რა იცი შენ, რომ სანთელი მზე არ არის და, კიდევ, რა იცი შენ, რომ მისი მიზანი, როცა სანთლისკენ მიფრინავს, სწორედ ფრთების შეტრუსვა ან, საერთოდ, მასში დაწვა არ არის. მაშ ასე, კარგ გზას გისურვებ! თუმცა რჩევებს ყურს არ უგდებ, გინდა დაუგდო, შენ უკვე იცი, რა ტკბილია მიზნისკენ სირბილში დაწვა - აქ ახლა ერლომი1 მოვიდა ფრთების შესატრუსად…”

 

 

ჩანახატი მხატვრული ტექსტის თავფურცელზე, 7 მარტი, 1957 წელი

 

 

 

წყარო:helloblog.ge

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner