მთავარი პროკურატურა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას მიერ პროკურატურის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გვარამიას მიერ მოყვანილი ფაქტები სრული სიცრუეა და რეალობას არ შეესაბამება.
„საქართველოს მთავარი პროკურატურა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს პროკურატურის მისამართით გაკეთებული განცხადება და მასში მოყვანილი ფაქტები არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება რეალობას.
საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, გვსურს ცალსახად განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურაში მოსამართლე ნათია გუჯაბიძის წინააღმდეგ არასდროს შემოსულა საჩივარ/განცხადება, მის მიმართ არ მიმდინარეობს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა. ვფიქრობთ, რომ მსგავსი არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით, დაინტერესებული მხარეები მიზნად ისახავენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროკურატურის დისკრედიტაციას. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად მსგავსი უპასუხისმგებლო და გადაუმოწმებელი განცხადებისა, პროკურატურა არ და ვერ იქნება ჩაბმული ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარე სასამართლო დავაში.
გვინდა მოვუწოდოთ ყველა მედიასაშუალებას, ვიდრე გაავრცელებენ რაიმე ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის საქმიანობის შესახებ, გადაამოწმონ აღნიშნული ინფორმაციის რეალობა ჩვენთან, რომ მომავალში არიდებული იქნას მსგავსი არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის ფაქტები", - წერია პროკურატურის განცხადებაში.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, რომელიც "რუსთავი 2"-ის საქმის ერთ-ერთი განმხილველია, თაღლიღობაშია შემჩნეული. როგორც გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მან გაფლანგა სახელმწიფო ქონება.