„ტრაგიკულია, რომ შტურმის მოგერიების დროს ძალის გამოყენება უბრალოდ გარდაუვალი გახდა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მან 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და ამ მოვლენების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
,,ტრაგიკულია, რომ შტურმის მოგერიების დროს ძალის გამოყენება უბრალოდ გარდაუვალი გახდა. 80 პოლიციელი იყო მათ შორის დაშავებული - 30 პოლიციელი შეათრიეს ბრბოში და მათ საშინელი დაზიანებები მიიღეს. ყველამ ვიხილეთ ამ შტურმის და შეტევის უმძიმესი კადრები, რომელიც თითქოს არ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს რომ მოვუსმინოთ. თითქოს მოგველანდა ეს ყველაფერი და თითქოს არ გვინახავს ამ მოვლენების ცოცხალი კადრები“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
დეპუტატის თქმით, ასეთმა ქმედებებმა ძალის გამოყენება გარდაუვალი გახადა და მძიმე შედეგები, მათ შორის ადამიანების მიერ შეუქცევადი დაზიანებების მიღება გამოიწვია.
ჩუგოშვილი ადამიანების დაშავებას ტრაგედიად აფასებს, მაგრამ ასევე ხაზს უსვამს, რომ ძალის გამოყენების გარეშე შტურმის მოგერიება შეუძლებელი იყო.
,,ფიზიკურად შეუძლებელი იყოს შტურმის მოგერიების დროს ძალის გამოუყენებლობა, უბრალოდ ამის სივრცე აღარ იყო. სამართალდამცავები საათების განმავლობაში იდგნენ და ითმენდნენ სადამდეც შეეძლოთ, ფიზიკურად სადამდეც უძლებდნენ ამ თავდასხმებს”, - ამბობს თამარ ჩუგოშვილი და ხაზს უსვამს, რომ ამ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მან, ვინც მშვიდობიანი პროტესტი პარლამენტთან შტურმში გადაიყვანა.
21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.
26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა.
20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.