logo_geo
eng_logo
სოსო შატბერაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არის ორგანიზაცია, რომელიც ყველაფერს აპროტესტებს
- +

7 ივლისი. 2019. 02:16

 

„ხელისუფლება ხვალ რომ გამოვიდეს და თქვას, 3%-იან ბარიერს ვაწესებო, ისინი ამასაც გააპროტესტებენ“, - ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა „პირველი არხის“ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„ხელისუფლებაში დაბრუნების სხვა შანსი მათ არ აქვთ, ისევე, როგორც 2003 წელს არ ჰქონდათ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი, რომ არა რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება. ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ყველაფრით უკმაყოფილოა და ყველაფერს აპროტესტებს. ეს ორგანიზაცია რასაც ითხოვს, ის მიიღო და ამასაც აპროტესტებს. ხელისუფლება ხვალ რომ გამოვიდეს და თქვას, 3%-იან ბარიერს ვაწესებო, ისინი ამასაც გააპროტესტებენ. აქვე შევახსენებ მაყურებელს, რომ 2007 წელს, როცა გაერთიანებული ოპოზიცია პროპორციულ სისტემას ვითხოვდით, იმ დათმობაზეც წავედით, რომ 150-კაციანი პარლამენტიდან 100 მანდატი ყოფილიყო პროპორციული, 50 კი მაჟორიტარული, მაგრამ ისინი ამაზეც წინააღმდეგ წავიდნენ“, - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

 

მისი თქმით, პროპორციული სისტემით პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და ის კოლექტიური პასუხისმგებლობის პარლამენტი გახდება, რაც ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტია.

 

„შესაძლოა, ესა თუ ის პარტია დიდი რაოდენობით ვერ შევიდეს, მაგრამ ერთი-ორი, ან სამი წარმომადგენელიც რომ შევიდეს, ამ პარტიას ხმა და საპარლამენტო ტრიბუნა ექნება და ქუჩის მაგივრად პროცესი დარბაზში გადაინაცვლებს. ჩვენი მხრიდან, მაშინდელი ოპოზიციიდან, ქუჩის მიტინგები იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგან ჩვენ არც საპარლამენტო ტრიბუნა გვქონდა და არც სატელევიზიო უზრუნველყოფა. ამიტომ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

 

როგორც შატბერაშვილმა აღნიშნა, „მემარცხენე ალიანსისთვის“ სულ ერთია, ბლოკები იქნება, თუ არა, მაგრამ თუ ბლოკები შეიქმნება, პარტია ამის წინააღმდეგი არ იქნება, რადგან თუ მცირე რესურსების მქონე პარტიები გაერთიანდებიან, 5-6 მანდატის მოპოვება ერთიანი რესურსებით უფრო ადვილი იქნება.

 

„თუ ჩვენ ის 13 000 თუ 15 000 ხმა ვერ მოვაგროვეთ, მაშინ არ ვართ ღირსი, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენელი გვყავდეს, მაგრამ თუ ბლოკები შეიქმნება, ამის წინააღმდეგიც არ ვართ“, - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

 

„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით, უცნობია, იქცევა თუ არა კანონად ახალი ინიციატივა, რადგან „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ჰყავს და გარდა ამისა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ბევრი მაჟორიტარი დეპუტატი ეწინააღმდეგება და მათ შორის, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებიც.

 

„მით უმეტეს, „ნაციონალური მოძრაობა“ ალბათ, არ დაუჭერს მხარს, რადგან თავისი მოთხოვნა აქვს, 3%-იანი ბარიერის დაწესება“, - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

 

https://marshalpress.ge/archives/248438

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner