ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებას გამოეხმაურა, რომელიც მან კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით დააფიქსირა.
„მე პრეზიდენტის ეჭვებზე ვერაფერს ვიტყვი. შემიძლია მოგახსენოთ ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს - არანაირი სპეცდაჯგუფებები არ არსებობს და არც არავინ ფიქრობს, რომ რაიმე ტიპის სპეცდაჯგუფება შეიქმნას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, „კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებული სიჩუმე, რომელიც ესმის სამართალდამცველი ორგანოებიდან და შესაბამისი სტრუქტურებიდან , რომლებსაც ამაზე სამაგალითო რეაქცია უნდა გაკეთებინათ, უკვე დამაფიქრებელია".
მისივე თქმით, როდესაც ამ პროცესებს აკვირდება, უჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება, რომელიც ასე უყურებს ამ პროცესებს.