საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ვარშავის სამიტზე მიდის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული, მომზადებული და პასუხსიმგებლიანი პარტნიორი.
მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელის შეიარაღებული ძალებიც ასრულებენ საერთაშორისო მისიას როგორც ავღანეთში, ასევე მალიში, ასევე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
„ამ სამიტის მიმართ ჩემი მოლოდინი ორგვარია, ერთი მხრივ, მე მჭირდება მეტი მექანიზმები, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა იქნას გაზრდილი. ეს მეტი მექანიზმები არის იმ ფორმატში, რაც ჩვენ უკვე გვაქვს. NATO-ს ვარშავის სამიტის მერე ჩვენ სერიოზული ახალი რესურსი უნდა შევმატოთ საქართველოს არმიას და თავდაცვისუნარიანობას, ხოლო მეორე მხრივ, საქართველომ პოლიტიკურად უნდა მიიღოს აღიარება მისი უაღრესად წარმატებული პოლიტიკის, რომელიც ეხება ჩვენს თავდaცვისუნარიანობას. ჩვენ მივდივართ NATO-ს სამიტზე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული, მომზადებული და პასუხსიმგებლიანი პარტნიორი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის შეიარაღებული ძალებიც ასრულებენ საერთაშორისო მისიას როგორც ავღანეთში, ასევე მალიში, ასევე ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში", - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ჰყავს NATO-ს ძალებთან ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი ძალები.
„ჩვენ გვაქვს დინამიკურად მიმდინარე პროცესი, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ის არის პასუხისმგებლიანი მოთამაშე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.