აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამოცემა „Euroactive“-ში ოპედი გამოაქვეყნა.
მინისტრის მიხედვით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 წლისთავი - საუკეთესო შესაძლებლობაა საქართველოსთვის ამ თარიღის პოლიტიკური შემადგენლისა და მნიშვნელობის შესაფასებლად.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, აღმოსავლეთ პარტნიორობა პირველ რიგში, გაბედული, ნოვატორული და პოლიტიკური ინიციატივაა, რომელმაც ექვსივე პარტნიორი ქვეყანა თავიანთი ინდივიდუალური პრიორიტეტების, ამბიციებისა და სასტარტო პოზიციების შესაბამისად, ევროკავშირთან დაახლოვა.
სტატიაში მინისტრი ყურადღებას ამახვილებს იმ კონკრეტულ სარგებელზე, რომელიც საქართველომ ამ ინიციატივის ფარგლებში მიიღო. კერძოდ, ზალკალიანი აღნიშნავს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველო ევროკავშირის უახლოეს სტრატეგიულ პარტნიორად იქცა. ამასთან, დღეს საქართველოს ევროკავშირთან გააჩნია თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, უვიზო მიმოსვლა და ევროკავშირის მთელ რიგ პროგრამებსა და სააგენტოებთან წვდომა.
„მანძილი ევროკავშირსა და საქართველოს შორის მნიშვნელოვნადაა შემცირებული. სწორედ ამიტომ, აღმოსავლეთ პარტნიორობა, პირველ რიგში, ევროკავშირსა და მის აღმოსავლელ პარტნიორებს შორის როგორც ფიზიკური, ისე პოლიტიკური მანძილის შემცირებას გულისხმობს“, - წერს დავით ზალკალიანი.
როგორც ზალკალიანი წერს, საქართველოს მიზანია განაგრძოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა და გამოიყენოს ყველა არსებული შესაძლებლობა და ინსტრუმენტი ამ მიზნის მისაღწევად.
მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს მიზანი ქართველი ხალხის სუვერენული და ცივილიზებული არჩევანია, რომელიც არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
„პირიქით, ის გულისხმობს ჩვენს ცვალებად რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და დემოკრატიის არეალის გაფართოებას, რაც ყველასთვის სარგებლის მომტანია და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაპირობაა“, - აღნიშნა ზალკალიანმა.
„Euroactive“-ში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სტატია ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები“ დაწყებამდე გამოქვეყნდა. კონფერენციის მონაწილეები აღმოსავლეთ პარტნიორობის განვლილ 10 წელს შეაფასებენ და მომავლის გეგმებს დასახავენ.