პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას განცხადება არაეთიკურია და პოლიტიკური პროვოკაციის ნიშნებს ატარებს.
ცქიტიშვილი ამბობს, რომ მომხდარში ჟურნალისტისა და ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესები იკვეთება, რომ ქვეყანაში გარკვეული დესტაბილიზაცია და პროვოკაცია მოახდინონ.
„გაბუნიას განცხადება უგემოვნო და პროვოკაციული იყო. ამის გამო საზოგადოებაში უსიამოვნებისა და გარკვეული შიშის განცდა შეიქმნა. ხელისუფლების მცდელობა იყო ამის განეიტრალება მყისიერი და მკაფიო განცხადებებით. ბუნებრივია, მყისიერი საფრთხე დღეს არ არის, მაგრამ პროვოკაციები ხელს უწყობს, რომ ესკალაცია მოხდეს და ცუდისკენ წავიდეთ. სიტუაციის დეესკალაციას უნდა ვეცადოთ“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ოკუპაციის საკითხი მუდმივად დღის წესრიგში იდგეს.
„მაგრამ აუცილებელია, ეს რაციონალური დისკუსიის პროცესში იყოს და არა ისეთი პროვოკაციის ფონზე, რაც გუშინ „რუსთავი 2“-მა მოაწყო. საქმე არაერთგვაროვან მტერთან გვაქვს და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა გვჭირდება, რომ ამ პროვოკაციას გაგრძელება არ მოჰყვეს. საგარეო უწყების გაცხადება ადეკვატური იყო, როცა პარტნიორებს მხარდაჭერა სთხოვა, რათა რუსეთში ეს პროვოკაცია ისე არ გამოეყენებინათ, როგორც დაგეგმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „რუსთავი 2“-თან ერთად“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
„რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს „პოსტსკრიპტუმის“ დაწყებისას გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. მოგვიანებით, ამ საკითხზე ტელეკომპანიამ განცხადება გაავრცელა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული მიმართვა შეაფასა, „როგორც პროვოკაცია, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილი, მიმართული საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ“. საკითხს გამოეხმაურნენ ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვები.
გიორგი გაბუნიას მონოლოგი მოქალაქეთა ნაწილმაც გააპროტესტა და „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო, შეეწყვიტა მაუწყებლობა „რუსთავი 2“-ს, ბოდიში მოეხადათ. მოგვიანებით, მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. ტელეკომპანიასთან აქცია გამთენიისას დასრულდა.
„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დღეს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე განაახლა და ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.