logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: რუსული ბაზრიდან მისაღები შემოსავლების მოსალოდნელი შემცირება და ლარის კურსი დღეს ბიზნესგარემოს გამოწვევაა
- +

8 ივლისი. 2019. 18:36

 

„დღეს ბიზნესგარემოს გამოწვევაა რუსული ბაზრიდან მისაღები შემოსავლების მოსალოდნელი შემცირება და ლარის კურსი“, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

ირაკლი ლექვინაძის თქმით, შეხვედრაზე ბიზნესის მხრიდან დასმული საკითხების წრე საკმაოდ მრავალფეროვანი იყო.

 

„მთავრობასა და ბიზნესს შორის სამუშაო საკითხებს შორის რჩება რძის პროდუქტის დღგ-სგან გათავისუფლების საკითხი, რომელსაც აქვს მთავრობის მხარდაჭერა და ცვლილება პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში მუშავდება. დაისვა საკითხები თხევადი გაზისა და დიზელის საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. აქტუალურია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც გარკვეულწილად არბილებს ახალი რეგულაციების გავლენას თამბაქოს ინდუსტრიაზე. ამასთან, საბანკო რეგულაციების შემსუბუქება დეველოპერული ბიზნესისთვის და ზოგადად, არსებული და დაგეგმილი რეგულაციების გავლენების ანალიზი და ამ მიმართულებით კიდევ უფრო ეფექტიანი კომუნიკაცია ბიზნესთან. ბიზნესგარემოს მიმართულებით გამოწვევებს შორისაა ლარის კურსი და რუსული ბაზრიდან მისაღები შემოსავლების მოსალოდნელი შემცირება, რუსეთიდან ტურისტების შემცირებისა და ამავე ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტზე არსებული და მოსალოდნელი შეფერხებები“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

ბიზნესომბუდსმენმა ის საკითხები გამოყო, რომელებიც წინა მსგავსი ტიპის შეხვედრაზე დაისვა და ამ დროისთვის შედეგი დადგა.

 

„მსგავსი ტიპის წინა შეხვედრაზე ბიზნესის მხრიდან დასმულ რიგ საკითხებზე დღეს უკვე გვაქვს შედეგი, მათ შორისაა ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა ექსპორტში/ტრანზიტში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ სრულად გაიზიარა და შედეგად ექსპორტში/ტრანზიტში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით გაწეული მომსახურებები არც ერთ ეტაპზე არ მოხვდება დღგ-ს დაბეგვრის არეალში. გარდა ამისა, ბიზნესის მოთხოვნის შესაბამისად კერძო სექტორსა და ადგილობრივ მთავრობებს შორის კომუნიკაციის ხარისხის გასაუმჯობესებლად გაიმართა სამი რეგიონული ფორუმი“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

 

შეხვედრაზე ბიზნესმა კიდევ ერთხელ დასვა ე.წ „ოქროს სიის“ წესის გაუქმების გადავადების საკითხი და ბიზნესისთვის აღნიშნული შეღავათის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა რჩება საკუთარ პოზიციაზე და ბიზნესომბუდსმენის აპარატს „ოქროს სიის“ საქმეზე შედეგი არ აქვს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner