თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, გენერალ სოსო ალავიძეს ეჭვი აქვს, რომ პაატა ბურჭულაძის პარტია „ნაციონალური მოძრაობისგან" იმართება. ალავიძე ამაში მას შემდეგ დარწმუნდა, რაც ის ბურჭულაძის პარტიის ყრილობაზე იმყოფებოდა.
„ყრილობაზე მე ვნახე ის, რომ მეთოდურად, სერიოზულ დარტყმებს აკეთებდნენ დღევანდელ ხელისუფლებაზე და სააკაშვილის მმართველობის წლებზე გაკვრითაც არაფერი უთქვამთ. მკაფიო ვექტორი, თუ ვინ არიან და რა მიმართულება აქვთ, არ დაუფიქსირებიათ. სახეებმა, რომლებიც იქ ვნახე, გამიჩინა ეჭვი, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ იმართება. თუნდაც ჩემთან მიმართებაში მომხდარი ფაქტი მაძლევს იმის საფუძვლიან ეჭვს, რომ არ გამოვრიცხო ის ბრალდება, რასაც მათ უყენებენ. ეს ჩემი სუბიექტური აზრია", - ამბობს ალავიძე.