2019 წლის 11-12 ივლისს, ქ. ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“ უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონფერენცია უპრეცედენტო მასშტაბით გამოირჩევა, რადგან ის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს ევროკავშირის და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი და მაღალი დონის პირები ეწვევიან, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ქვეყნების - პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის
ევროინტეგრაციის მინისტრი იადრანკა იოქსიმოვიში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი, ალბანეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ნორვეგიისა და მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნები, გერმანიის, რუმინეთის, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები.
ბათუმის რიგით მე-16 საერთაშორისო კონფერენციას - „ღირებული თანამშრომლობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები“ 11 ივლისს მისასალმებელი სიტყვით გახსნის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
კონფერენცია ორი დღის განმალობაში გაგრძელდება და სხვადასხვა თემატურ სამუშაო სესიაზე მონაწილეები შეაფასებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობას“, ათწლეულის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს, ერთმანეთს გაუზიარებენ ახალ იდეებს ევროპული ინტეგრაციის პროცესის წინსვლისათვის და იმსჯელებენ სამომავლო ნაბიჯებზე.
მასშტაბური კონფერენციის პირველი სესია სწორედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შექმნას და ამ სტრატეგიული პროექტის ეფექტიანობას მიეძღვნება. შეგახსენებთ, რომ 2009 წელს, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის 6 პარტნიორი ქვეყნის (აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის) თაოსნობით შეიქმნა და ამოქმედდა შვედეთისა და პოლონეთის ინიციატივა - „აღმოსავლეთ პარტნიორობა“, რომლის მიზანიც ევროკავშირთან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების აჩქარებული პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო. „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა და მათ ევროკავშირთან მეტი დაახლოებისთვის გზა გაუხსნა. აღსანიშნავია, საქართველომ სრულად გამოიყენა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები, მათ შორის ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს წევრობა და სხვა.
ორდღიანი კონფერენციის მომდევნო ცხრა თემატურ სესიაზე განხილულ იქნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივის განვითარება, დემოკრატიული ტრანსფორმაცია სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანაში, შავი ზღვის უსაფრთხოება, ჰიბრიდული გამოწვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. კონფერენცია შემაჯამებელი სესიით 12 ივლისს დასრულდება, სადაც იმსჯელებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 2020 წლის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს აღსანიშნავ კონფერენციაში მონაწილოებას ასევე მიიღებენ სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლები.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა“ 2007 წლიდან ტარდება. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონფერენცია წინა წლებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება როგორც შინაარსით, ისე მისი უპრეცედენტო მასშტაბით და მონაწილეთა დონით.
აღსანიშნავია, საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად ბათუმში ასევე გაიმართება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი საინვესტიციო ფორუმი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის. ღონისძიება, რომელშიც 400-ზე მეტი პირი მიიღებს მონაწილეობას, ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით იმართება. ფორუმში მონაწილეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ფორუმი 11 ივლისს გაიხსნება.