„მეხანძრე-მაშველებმა გორში 16 წლის გოგონა გადაარჩინეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გორში, მშვიდობის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ადგილზე მისვლისთანავე, ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებს ფანჯრის გისოსების მოხსნა და სახლში ამ გზით შესვლა მოუწიათ. სახლში მეხანძრე-მაშველებს 16 წლის გოგონა დახვდათ, რომელიც შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს. ის ადგილზე შეამოწმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ და პროფილაქტიკის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 2 სახანძრო და 1 სამაშველო ჯგუფი.
ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.