logo_geo
eng_logo
ქართველი მეღვინეები: დაუფიქრებელი განცხადებები დააზარალებს დარგს და ათასობით მევენახეს
- +

10 ივლისი. 2019. 16:44

 

ქართველი მეღვინეები ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ დაუფიქრებელი და პროვოკაციული განცხადებები დარგს მნიშვნელოვნად აზარალებს.

 

„დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ დირექტორის ზაზა დუგლაძის თქმით, რუსეთის ბაზარში ექსპორტირებული ღვინის უკან ათასობით მევენახე და საწარმოებში დასაქმებული 100-ზე მეტი ადამიანი დგას.

 

„გასული წლის რთველის დროს ათასობით მევენახისგან 15 ათასამდე ტონა ყურძენი ჩაიბარა ჩვენმა კომპანიამ. ჩვენს წარმოებაში 120-მდე ადამიანია დასაქმებული, რთველის დროს მათი რაოდენობა 300-ს აჭარბებს. დაუფიქრებელი და პროვოკაციული განცხადებები დარგს მნიშვნელოვნად დააზარალებს“, - განაცხადა ზაზა დუგლაძემ.

 

ზაზა დუგლაძის ინფორმაციით, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის 60-65% ექსპორტი რუსეთის ბაზარზე მოდის.

 

„ბაზრების დივერსიფიკაციის პირობებშიც, რუსეთის ბაზარს 60-65% უკავია და ამ ბაზრის დაკარგვის შემთხვევაში ერთნაირად დაზარალდება როგორც მეწარმე, ისე მევენახე, ვაზი და მთლიანობაში ეს დარგი“, - განმარტა კომპანიის დირექტორმა.

 

ღვინის კომპანია „ფალავანის“ დირექტორის გოგა ფორჩხიძის განცხადებით, რუსეთის ბაზრის დაკეტვა მათ წარმოებას საერთოდ შეაჩერებს, რაც, კომპანიასთან ერთად, მევენახეებსაც დააზარალებს.

 

„ქართველი მეღვინეების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას „დაუფიქრებელს“ ვერ დავარქმევდი, სამწუხაროდ, არ ვიცი, რას ემსახურება ეს. რუსეთის ბაზრის დაკეტვა დააზარალებს როგორც მეწარმეებს, ისე გლეხებს. 2014 წლის შემდეგ ჩვენმა კომპანიამ 35 ჰექტარი ახალი ვენახი გააშენა, კიდევ 17 ჰა იყიდა, გვაქვს აღებული კრედიტები, რადგან ვხედავდით დარგში წინსვლას და განვითარებას. ამაზე ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ, რადგან ყველამ ვიცით, რომ ამ რაოდენობის ღვინოს სხვა ქვეყნებში ვერ გავყიდით უახლოეს პერსპექტივაში“,- აღნიშნა მან.

 

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ შემდეგი განცხადება გააკეთა: „პუტინი კარგიაო, იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ „ბორჯომი“, ღვინო და „ნაბეღლავი“ შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია“.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner