საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბათუმის შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშაო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, აშენდება 13 კილომეტრი სიგრძის 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, ოთხი სატრანსპორტო კვანძი, ხუთი გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის შემდეგ დასახლებებს – მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.
„ამ გზის მშენებლობა აუცილებელია, პირველ რიგში, იმისთვის, რომ ბათუმი განიტვირთს სატრანზიტო მოძრაობისგან, რაც ხელს უშლის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. ამას გარდა, ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განუყოფელი ნაწილი, ავტობანი გვჭირდება იმისთვის, რომ ერთის მხრივ უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილება უზრუნველვყოთ და მეორეს მხრივ სატრანზიტო რესურსი სრულად ავითვისოთ. შემოვლითი გზების საშუალებით მნიშვნელოვნად მოკლდება მაგისტრალის საერთო სიგრძე, მგზავრობის დრო კი თითქმის ნახევრდება,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
პროექტი, რომლის დასრულება მომავალ წელს იგეგმება, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში ფინანსდება. სამუშაოების ღირებულება 330 მლნ ლარამდეა. მიმდინარე სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნენ სტუდენტები. მათ სპეციალისტებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს ტექნიკურად რთული პროექტის სამშენებლო თავისებურებების შესახებ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩართულია უნივერსიტეტებისა და სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიებს შორის მოლაპარაკებებში, რათა ხელი შეეწყოს სტუდენტთა სტაჟირების ნაწილში საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, როგორც საპროექტო, ისე საინჟინრო და სამშენებლო საქმიანობის მიმართულებით.