„გიგი უგულავა რომ რიხიანად საუბრობს ადამიანის უფლებებზე, აზრის გამოხატვის უფლებებზე და საზოგადოებას მოევლინა, როგორც ჭეშმარიტი დემოკრატი, ერთი ჰკითხეთ, რისთვის არის გასამართლებული“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ამით ანრი ოხანაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავა ამბობს, რომ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე გამოძიების ფარგლებში ხელისუფლება საქმის „შეკერვას“ ცდილობს.
ანრი ოხანაშვილის თქმით, გიგი უგულავა გასამართლებული იყო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისთვის. მისივე განცხადებით, უგულავას არ აქვს უფლება ისაუბროს მორალურ საკითხებზე მანამდე, სანამ ყოველ ჯერზე წარსულის გამო ,მოსახლეობას ბოდიშს არ მოუხდის.
„ადამიანი, რომელიც გასამართლებული იყო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისთვის იმდენად შეიცვალა და ტრანსფორმირდა თურმე, რომ დღეს გამოხატვის თავისუფლებაზე, საზოგადოების ინტერესების დაცვაზე საუბრობს? მე ასეთი ადამიანების არ მჯერა. ამიტომ შეახსენეთ ხოლმე სტუდიაში, გაიხსენოს წარსული და შესაბამისად, მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ყველა იმ საკითხზე, რაც მაშინ ხდებოდა. ელემენტარული გამოვიდეს და ჩვენ საზოგადოებას მოუხადოს ყოველ ჯერზე ბოდიში. თუ ნამდვილად მოინანია ამ ადამიანმა თავის ქმედებები, როგორც პოლიტიკური ასევე სამართლებრივი მერე ვისაუბროთ მის პოლიტიკურ და მორალურ უფლებაზე ისაუბროს კონკრეტულ საკითხებზე“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბაქრაძემაც უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ფიქციური პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს“ განხორციელებულ ქმედებებზე და მას მსგავს თემებზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს.