პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძეს უჭირს პასუხის გაცემა, თუ რატომ ვერ შეთანხმდენ ევროკავშირის ელჩები გუშინ გამართულ სხდომაზე საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე, თუმცა დარწმუნებულია, რომ პროცესი საქართველოსთვის დადებითი შედეგით დასრულდება.
„ეს არ არის გადაწყვეტილება. ეს არის პროცესი. ახლა მე ვერ გეტყვით ზუსტად, რის გამო მოხდა ეს - შეიძლება ვიღაც ავად გახდა, ვიღაც გაცივდა, ვიღაცამ დააგვიანა, ვიღაცას თავის მოსაზრება ჰქონდა... ეს არის დემოკრატიული პროცესი, სადაც ერთი ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას. დაველოდოთ, დამერწმუნეთ, რომ შედეგი იქნება დადებითი და ჩვენთვის სასიამოვნო", - განუცხადა ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსს".
მისივე თქმით, გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების თაობაზე უკვე მიღებულია, თუმცა ზუსტი დროის დასახელება, როდის მოვა სისრულეში, ძნელი სათქმელია.
„ზუსტად სად, რომელ საათზე მოხდება ვიზა-ლიბერალიზაცია, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ იმაში, რომ გადაწყვეტილება იქნება, ეჭვი არ მეპარება", - დასძინა თედო ჯაფარიძემ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა გუშინ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების საკითხზე იმსჯელა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ვერ მიიღო. სააგენტო „როიტერის" ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები საკითხზე გერმანიისა და საფრანგეთის უარყოფითი პოზიციის გამო ვერ შეთანხმდნენ. ანონიმურმა დიპლომატმა სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის შეჩერებას არ აპირებს, არამედ უფრო მეტ სიფრთხილეს ავლენს ევროპაში მიმდინარე მიგრაციული კრიზისის გამო. სააგენტო „როიტერის" ცნობით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე მსჯელობა მომავალ კვირას გაიმართება.