logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტი კერძო სექტორის განვითარებაა
- +

11 ივლისი. 2019. 12:57

 

 

„ჩვენი მთავრობის ძირითადი ხედვა და მიზანია ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფა“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმზე.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პანელის მონაწილეებს  საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და მთავარი პრიორიტეტების შესახებ ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისით და, შესაბამისად, ეკონომიკა მთლიანად ეყრდნობა ღიაობასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, ასევე სტაბილური და პროგნოზირებადი პოლიტიკური გარემოს შენარჩუნებასა და ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისკენ სწრაფვას.

 

„საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი ბაზრის პრინციპს ეფუძნება და პრიორიტეტად კერძო სექტორის განვითარებასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას მიიჩნევს.  მაკროეკონომიკური სტაბილურობის პარალელურად, ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი მამოძრავებელია ძლიერი ინსტიტუციები, რაც, ასევე, აძლიერებს ჩვენი ქვეყნისადმი ნდობას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

ამასთან, მინისტრის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს სტრუქტურული რეფორმებისა და DCFTA- ს ფარგლებში რეფორმის დღის წესრიგი.

 

„საქართველოს ეკონომიკამ, მიუხედავად 2014-16 წლებში რეგიონში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური შოკებისა, ეკონომიკური ზრდის საშუალოდ 3.5%-ს მიაღწია მაშინ, როდესაც  ბევრი ჩვენი მეზობელი ახლოს იყო რეცესიასთან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

 

ნათია თურნავამ თავის სიტყვაში ასევე აქცენტი გააკეთა ფისკალურ პოლიტიკაზე - მისი ინფორმაციით, ფისკალური პოლიტიკა უფრო მეტად ორიენტირებულია ზრდაზე, რაც გულისხმობს კაპიტალური ხარჯების გაზრდას - ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაჩქარებასა და მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივ შემცირებას.

 

„ეს ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, კერძო ინვესტიციების პარალელურად, რომელსაც მაქსიმალურად უწყობს ხელს მთავრობა. ეს ყველაფერი აისახება საერთაშორისო ინვესტიციებზე. Moody's Investors Service-მა საქართველოს სარეიტინგო მაჩვნებელი Ba3-იდან  Ba2-ამდე გააუმჯობესა. 2019-ის თებერვალში, Fitch-მა კი საქართველოს შეფასება 'BB-' -იდან  'BB'-ამდე გააუმჯობესა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner