logo_geo
eng_logo
ახდენს თუ არა ზეწოლას თამარ სანიკიძის უწყება პედაგოგებზე?
- +

26 თებერვალი. 2016. 18:22


 

თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის პედაგოგი ახალ საგან „მე და საზოგადოებასთან" დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. მათი განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას გაუგზავნა დირექტივა, რომ განიხილონ და პოზიტიურად შეაფასონ აღნიშნული საგანმანათლებლო სტანდარტი. როგორც თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელმა „რეპორტიორს" განუცხადა, თამარ სანიკიძის უწყების დავალებას კანონდარღვევით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით წარმატებით ასრულებენ სკოლის დირექტორები, რომლებიც ფორმალურად ატარებენ პედაგოგიურ საბჭოებს, ადგენენ ოქმებს, სადაც წერია, რომ სკოლის პედაგოგიური კოლექტივის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა და მოიწონა ახალი საგანი. ოქმს კი მასწავლებელთა გაყალბებული ხელმოწერებით ადასტურებენ.

 

„რეპორტიორი" თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გაგაცნობთ, რომლის სახელსა და გვარს გასაგები მიზეზების გამო არ ვასაჯაროებთ. პედაგოგის ინფორმაციით, სკოლის დირექტორმა, რომელიც განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურთან დაახლოებული პირია, რამდენიმე პედაგოგის დასწრებით ჩაატარა პედსაბჭო და შეადგინა ოქმი, რომელიც 118 მასწავლებლის გაყალბებული ხელმოწერით დაამოწმა, რომ თითქოს სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობა დადებით შეფასებას აძლევს ახალ საგანს და მისი სკოლებში დანერგვის მომხრეა.


„სამინისტრომ გასცა ბრძანება ყველა სკოლის მიმართ, დადებითად შეაფასონ საგანი „მე და საზოგადოება". ჩვენს სკოლაში 18 თებერვალს ჩატარდა პედაგოგიური საბჭო. გამომდინარე პირადი პრობლემიდან, აღნიშნულ პედსაბჭოს ვერ დავესწარი. მე, როგორც დირექტორის მოადგილემ, მოვითხოვე ოქმი, მაჩვენეთ-მეთქი, თუმცა ამ დრომდე არ მომეცა საშუალება, მას გავცნობოდი. ჩვენი სკოლის დირექტორმა „გააპრავა" ეს ოქმი გაყალბებული ხელმოწერებით, სადაც, დამერწმუნეთ, წერია, რომ თურმე 118 მასწავლებლიდან 110-მა მოიწონა ეს საგანი, რეალურად კი 1 %-ს თუ მოსწონს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პედსაბჭოს ესწრებოდა სულ რამდენიმე პედაგოგი. ასევე, ჩემი ინფორმაციით, სიაში ისეთი პედაგოგები ჰყავს შეყვანილი, ბიულეტებზე რომ არიან. ის, რასაც დირექტორები აკეთებენ, არის კრიმინალი. ხაზგასმით ვამბობ, ეს იყო პირდაპირი დავალება მინისტრისგან, რადგან იციან, რომ პედაგოგებისგან ამ საგნის მოწონებას ვერ მიიღებენ", - განაცხადა თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ.



„რეპორტიორი" სხვა სკოლებსაც დაუკავშირდა. რამდენიმე სკოლის დირექტორმა კატეგორიულად უარყო სამინისტროს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლა საგნის მოწონებასთან დაკავშირებით. მათ განაცხადეს, რომ პედსაბჭოებზე მასწავლებელთა უმრავლესობა დადებითად აფასებს ახალ საგანმანათლებლო სტანდარტს.



თბილისის 161-ე საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ მინდაძე:

 

„სამინისტროს მხრიდან საგნის მოწონების შესახებ მოთხოვნა არ ყოფილა. მხოლოდ შეფასება ითხოვეს. არავითარი მიმართულება არ მოუციათ არც დადებითისკენ, არც უარყოფითისკენ. გადმოგვცეს გარკვეული მასალები და თხოვნა იყო ასეთი, გამოეთქვათ პედაგოგებს აზრი".



თბილისის 64-ე საჯარო სკოლის დირექტორი თამარ მამსიკაშვილი:

 

„არამარტო „მე და საზოგადოებაზე", არამედ ზოგადად, პედაგოგები სხვადასხვა საგნობრივ ახალ სტანდარტებზე გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას. ჩვენ ჩავატარეთ პედსაბჭო, რომელსაც მასწავლებელთა უმრავლესობა ესწრებოდა. ამ კონკრეტულ საგანთან დაკავშირებით პედაგოგების მხრიდან დადებითად შეფასება დაფიქსირდა. სამინისტროს მხრიდან კი ნამდვილად არ ყოფილა რაიმე სახის დირექტივა".

 


თბილისის 35-ე საჯარო სკოლის დირექტორი მარინე იაშვილი:


„დამერწმუნეთ, არავითარ ზეწოლას და დირექტივას ადგილი არ ჰქონია სამინისტროს მხრიდან".

 

 

პედსაბჭოების კანონდარღვევით ჩატარებაზე საუბრობს დიმიტრი ლორთქიფანიძეც. უფლებადამცველი პედაგოგების ინფორმაციაზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ სამინისტრო აიძულებს პედაგოგებს, მოიწონონ საგანი „მე და საზოგადოება", რითაც ცდილობს, ხელოვნურად შექმნას მოსაზრება, თითქოს საჯარო სკოლების პედაგოგიური კოლექტივები დადებითად არიან განწყობილები ამ საგნის მიმართ.

 

„6 თვის წინ, მე, უფლებადამცველებმა - ზვიად ტომარაძემ და სოსო მანჯავიძემ, ასევე ლევან ვასაძემ და გურამ ფალავანდიშვილმა ავტეხეთ განგაში, რომ იგეგემებოდა საპილოტე პროექტის შეტანა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებეში. ვგულისხმობ „მე და საზოგადოებას". აქ ჩვენ აღმოვაჩინეთ იმ ტიპის ლიტერატურა, რომელიც პირდაპირ უწყობს ხელს სოდომური ცოდვების პროპაგანდას. შემდეგ შესაბამისი წერილით მივმართეთ საქართველოს მთავრობას. ჩვენი წერილის შემდეგ, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, შეჩერებულიყო ეს პროექტი. საკითხის შესწავლისას დავადგინეთ, რომ განათლების მინისტრი, მისი მოადგილე ლია გიგაური და მათთან დაკავშირებული ბევრი საჯარო მოხელე, დაინტერესებულები იყვნენ, საპილოტე პროექტი განეხორციელებინათ საჯარო ინტერესის გვერდის ავლით, ყოველგვარი საჯარო განხილვების გარეშე. ამის უტყუარი დადასტურებაა, რომ განათლების სამინისტრომ ყველა საჯარო სკოლაში გააგზავნა დირექტივები, მოეწვიათ პედაგოგიური საბჭოები და პედაგოგიურ საბჭოებზე მოეწონებინათ აღნიშნული საგანი. სკოლის დირექტორები აღმოჩნდნენ მძევლები, ვინაიდან მათ არც დრო ჰყოფნიდათ და არც რესურსი, საფუძლიანათ შეესწავლათ აღნიშნული საგანმანათლებლო სტანდარტი, რადგან არსებობდა მისი მხოლოდ სამუშაო ვერსია.


ერთ-ერთ ცენტრალურ საჯარო სკოლაში, რომელსაც შეგნებულად არ დავასახელებ, არის 120 პედაგოგი. პედსაბჭოზე მოიყვანეს 15 მასწავლებელი და 120 პედაგოგის სახელით მოახდინეს ოპერირება. ფორმალურად შეადგინეს ოქმი, თითქოს ყველა პედაგოგმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და 100-ზე მეტმა მოიწონა. ასეთი ოქმები თითქმის ყველა სკოლაშია შედგენილი. საქმე გვაქვს დანაშაულთან, რადგან ხდება დოკუმენტების ფალსიფიკაცია.

 

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ გადაცემაში მე დამიპირისპირდა საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი, რომელმაც თქვა, რომ ესწრებოდა განათლების კომიტეტის სხდომას, სადაც განიხილეს აღნიშნული სტანდარტი. მე მივმართე სპეციალურად პარლამენტს, საიდანაც გუშინ მივიღე პასუხი, რომ აღნიშნულ სტანდარტთან დაკავშირებით აქამდე არანაირი განხილვა არ ჩატარებულა და რომ სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე სხდომა ჩანიშნულია 29 თებერვალს. განათლების სამინისტრო ახლა დაფაცურდა. ის, რაც უნდა გაეკეთებინა თვეების წინ, რათა ლეგიტიმური ხასიათი მიეცა აღნიშნული სტანდარტის დანერგვის საფუძვლების შესაქმნელად, დღეს პოსტფაქტუმ იწყებს მოძრაობას...

 

ის, რაც დღეს სკოლებში ხდება, არის დანაშაული თუ ყველა მასწავლებელი ხმას ამოიღებს, ბოლომდე გაშიშვლდება განათლების მინისტრის ფიგურა. ბოლოს და ბოლოს, ცხვრები ხომ არ არიან პედაგოგები, მათაც ხომ გააჩნიათ საკუთარი პოზიცია", - განუცხადა „რეპორტიორს" უფლებადამცველმა.



„რეპორტიორი" განათლების სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებაში პედაგოგებისა და უფლებადამცველების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ: „არანაირი დირექტივა სამინისტროდან სკოლების მიმართულებით არ გასულა. გარდა იმისა, რომ როგორც ამ სტანდარტზე, ისევე სხვა ნებისმიერ სტანდარტზე, ასევე რევიზირებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, სკოლებს ეგზავნებათ მიმართვა და სკოლების პედაგოგიური საბჭოებისგან ვიღებთ ინფორმაციას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადეს სანიკიძის უწყების პრესსამსახურში.


„მე და საზოგადოება" სკოლებში 2017 წლიდან უნდა დაინერგოს. მასში მოცემულია რეკომენდებული სავარჯიშოები და რჩევები, თუ როგორ შეიძლება მასწავლებელი ესაუბროს ბავშვებს, მაგალითად ისეთ თემაზე, როგორიც სექსუალური უმცირესობაა. საგნის წინააღმდეგ შეიქმნა სპეციალური პეტიცია. მისი ავტორები მიიჩნევენ, რომ „მე და საზოგადოება" ემსახურება „ერთი მხრივ, ბილწი და უსაშინლესი მამათმავლური ცნობიერებით მოწამვლა-გარყვნას და მეორე მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარებასა და აღრევას".


პეტიციაში მოყვანილ ციტატებს ტყუილს უწოდებს განათლების მინისტრი. თამარ სანიკიძის თქმით, პეტიციაში ინფორმაცია არის წიგნიდან, რომელიც რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მცირე ტირაჟით გამოსცა, თუმცა სკოლაში არასდროს ყოფილა შეტანილი და მის შეტანას, მინისტრის თქმით, არც არავინ გეგმავს.


„ეს პეტიცია რომ წავიკითხე, შევშფოთდი, როგორც მშობელი, როგორც დედა და უფრო მეტიც, მზად ვიყავი, მეც მომეწერა ხელი, მაგრამ, რა თქმა უნდა, სანამ ხელს მოვაწერდი ასეთ დოკუმენტს, გავეცანი და მართლაც მოვიძიე საფუძვლები, რას ეფუძნებოდა იქ მოყვანილი განცხადებები, ციტატები. ის, რაც წავიკითხე პეტიციაში, არ იყო ჯანმრთელი ადამიანის დაწერილი. თავიდან ბოლომდე ტყუილი და ცილისწამებაა", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.


სანიკიძე ამბობს, რომ უკვე დაუკავშირდა ძალიან ბევრ ხელმომწერს, რომლებსაც, „წარმოდგენაც არ აქვთ, ხელი რაზე მოაწერეს". მინისტრი ამბობს, რომ თუკი საჭირო გახდება, პეტიციის ავტორების წინააღმდეგ სასამართლოსაც მიმართავს.




საინტერესოა, რა გაგრძელება მოჰყვება თემას, სადაც ორი მხარე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. ამ თემას „რეპორტიორი"  კვლავ მიუბრუნდება.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner