„ქართული ოცნების“ ნებისმიერ მხარდამჭერს რომ ჰკითხოთ, მმართველი პარტიის მთავარი პრობლემა რა არისო, დაუფიქრებლად გიპასუხებთ - პიარის არარსებობაო.
ქვეყანა ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაშია გადავარდნილი. თუ ადრე ტელეკეთილდღეობით ვიყავით სავსე, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ობიექტებზე ლენტები ოთხჯერ და ხუთჯერ იჭრებოდა და წაგებულ ომს, როგორც დიდ გამარჯვებას გვაზეიმებდნენ, დღეს იგივე „მოქმედი პირნი და შემსრულებლები“ აპოკალიფსური სურათების მოდელირებითა და საზოგადოების მტრულ ბანაკებად დაყოფით არიან დაკავებული.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დეზინფორმაციის გავრცელება და სიძულვილის თესვა შეუფერხებლად ხორციელდება და თუ ამ მორალური ტერორის მანქანას ვინმე, სამართლიანად აღშფოთებული, წინ გადაეღობება, მაშინვე ცილისწამებისა და შეურაცხყოფის მსხვერპლად იქცევა ხოლმე.
ის, რომ სააკაშვილი პიარს ბოროტად იყენებდა, არ ნიშნავს, რომ თავისთავად პიარი არის მავნე ინსტრუმენტი. მმართველმა პარტიამ დროა შეისმინოს, რომ პიარი პოლიტიკის განუყოფელი, სისხლხორცეული ნაწილია. „მადლი ქენი, ქვაზე დადე“, როგორც ინდივიდუალური, როგორც კერძო აქტი, იცოცხლე, კარგი საქმეა, მაგრამ პოლიტიკაში ასეთი დამოკიდებულებებით ყოფნა, რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილებაა.
რასაც ჩვენს ყოველდღიურობაში ვხედავთ, არის ის, რომ გამვლელ-გამომვლელი ქვაზე დადებულს, არა როგორც მადლს, არამედ როგორც კუთვნილს, ისე იღებს, მერე იმ ქვას სტაცებს ხოლმე ხელს და მადლის დამდებს გაუქანებს გაღიმებულ სიფათში - ბევრად მეტი მეკუთვნოდაო.
ძალიან მარტივ რამეს ვამბობ, მაგრამ ვხედავ, რომ ამ ანა-ბანაზე გარედან საუბრის გარეშე არაფერი გამოვა: გაკეთებული საქმეების წარმოჩენა და ზოგადად, სიკეთის წარმოჩენა არათუ საჭიროა, არამედ აუცილებელიცაა. ამას უამრავი მიზეზი აქვს, მათ შორის პოლიტიკურიც: მე, როგორც მოქალაქემ, ზედმიწევნით უნდა ვიცოდე, რას აკეთებს ჩემი ქვეყნის ხელისუფლება, რაში იხარჯება ჩვენი ფული; არ უნდა მტოვებდეს იმის რწმენა, რომ განუხრელად მიმდინარეობს აღმშენებლობითი პროცესი, რომ ჩემი უსაფრთხოება და სიმშვიდე დაცულია.
ნამდვილი პიარი, რომელსაც გაკეთებული საქმეები უმაგრებს ზურგს, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფს მომავლის იმედს უღვივებს. მან მწირი საარსებო საშუალებები განწყობით უნდა შეივსოს. ჩვენს ქვეყანას ბევრი ძნელბედობა ახსოვს (დღევანდელი მათთან რა სახსენებელია), მაგრამ მოთმინებით და ერთიანობით თავი აქამდე ღირსეულად მოგვიტანია. „ჭირსა შიგან გამაგრება“-ს ერთ-ერთი საშუალება, თანამედროვე გაგებით, პიარიც იყო. გარდა ამისა, ისიც უნდა გვახსოვდეს, მუდმივად, რომ სიკეთე გადამდებია.
„ხალხი ისე შესვეს ნეგატივზე, როგორც ნარკოტიკზეო“ - მედიაში არსებული ვითარების საოცრად ზუსტი დახასიათებაა. ამ ავადმყოფობის წამალია - „მეტი პოზიტივი ხალხს“, რაც თავის თავში გულისხმობს მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა.
ისევ ჟურნალისტიკის ან პოლიტოლოგიის ფაკულტეტების პირველი კურსის პროგრამებიდან აღებული მასალები უნდა მოვიშველიო: პოზიტივის მიწოდებასაც თავისი ტექნოლოგიები და ფორმულები აქვს, თუ გვინდა რომ რეალურ შედეგზე გავიდეთ. მაგალითად, ამა თუ იმ სფეროში არსებული ვითარების დასახასიათებლად „ქართული ოცნება“ მუდმივად უნდა იყენებდეს შედარებით კონტექსტს. ეს უნდა კეთდებოდეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შედარება მომგებიანია, არამედ უფრო იმიტომ, რომ მკაფიოდ ჩანდეს ობიექტური რეალობა, მისი ცვალებადობის დინამიკა.
ნებისმიერ დარგში და სფეროში, გაწეული სამუშაოს შეფასება ეყრდნობა ორ კრიტერიუმს: 1) სად ვიყავით, სად ვართ და სად გვინდა, რომ მივიდეთ; 2) განსახილველ, საანგარიშო პერიოდში რისი გაკეთება შეიძლებოდა და რა გაკეთდა. სპეკულაციებითა და პოპულიზმით შექმნილი ნეგატიური ფონის მოსახსნელად, „ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს დისკუსიების იმ სიბრტყეში გადატანა, სადაც შედეგს მხოლოდ ფაქტები და არგუმენტები განსაზღვრავენ.
დღეს მიდის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსთავი-2“ და „ტვ პირველი“ „ნაცებზე“ მუშაობენ, ხოლო „იმედი“ - „ოცნებაზე“. მე ვფიქრობ, რომ საქმის ასე მარტივად წარმოჩენა მხოლოდ და მხოლოდ „იმედის“ როლის დაკნინებაზეა გათვლილი. ტელევიზიის (ზოგადად - მედიის) მუშაობის შეფასება სულ სხვა მახასიათებლებს ეფუძნება. მედიისთვის „ნიშნების წერის“ დროს მთავარი კრიტერიუმია ობიექტურობის ხარისხი. „რუსთავი-2“ გაცხადებული პარტიული ტელევიზიაა, რომლისთვისაც „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის კარგია და ყოველთვის მართალია, ხოლო „ოცნება“ - ყოველთვის ცუდი.
„ტვ პირველი“ ვითომ ეშმაკობდა, ვითომ ნეიტრალურს „ვაწვებიო“ (17-მილიონიან შარში გახვეული წერეთლები არაფერს გვიბარებენ ხოლმეო, ანუ სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევიანო...) და ერთი პერიოდი, ორივე მხარეს ისროდნენ „შპილკებს“, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, იძულებული გახდა, ნიღაბი ჩამოეხსნა. დღეს არავისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ ამ „სოფლის ბირჟის“ ტელევიზიას (სოფლებში ხელისუფლების ლანძღვა „ბირჟაზე“ შეკრებილი უსაქმურების, სოფლის „პარაზიტების“ თვითგამოხატვის საშუალებაა) ხელისუფლების „გაშავება“ გაუხდია „ცხოვრების მიზნად“. ეს მედიასაშუალება სწორედაც რომ კარგი მაგალითია იმისა, თუ რომელ ველზე შესვლას გაურბიან ხელისუფლების მოწინააღმდეგეები. „ინგებთან“ ვერასდროს მოისმენთ ფაქტებით და არგუმენტებით საუბარს, რადგან ეს საქმის მკეთებლების ველია. სკანდალი და ინტრიგა, ინტრიგა და სკანდალი - ეს არის ამ „დამოუკიდებელი არხის“ სახე.
ნაცჟურნალისტებმა, სამწუხაროდ, მოახერხეს ისეთი „ჟურნალისტური“ სტერეოტიპის შექმნა, რომ ვინც ხელისუფლებას არ უპირისპირდება, არ ლანძღავს, არ ებრძვის, ის ხელისუფლების მსახურია, „დაქირავებულია“ და პირიქით - ვინც უპირისპირდება, ლანძღავს და ებრძვის - ნამდვილი ჟურნალისტი. ე.ი. კრიტერიუმი არა მოვლენის ობიექტური გაშუქებაა, არამედ ის, რომ მომზადებულ სიუჟეტში დადებითად ჩანს ხელისუფლება, თუ უარყოფითად.
ფაქტებისა და მოვლენების ობიექტური გაშუქება, მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს, „ოცნებას“ ოპონენტებთან უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. და თუ „იმედის“ ტელევიზია ობიექტური რეალობის წარმოჩენაზეა ორიენტირებული, „ნაცსტანდარტებიდან“ გამომდინარე, გაკიცხვას იმსახურებს... ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად.
ჟურნალისტური საქმიანობა, თავისი კლასიკური გაგებით, მთლიანად გამორიცხავს ტყუილს, დეზინფორმაციას, ტენდენციურობას, მხარეებს შორის ბალანსის დარღვევას, მოვლენის ცალმხრივ გაშუქებას, სიმართლის დამალვას და სხვ. ყველამ ეს ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ... ვინაიდან გარშემო მყოფთაგან მკაცრად არავინ ითხოვს აღნიშნული პირობების შესრულებას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინაიდან ჟურნალისტური კანონების დარღვევა სირცხვილი არ არის და უფრო მეტიც, სარგებლის მომტანია, საზოგადოების ტვინებში საწამლავის შეყვანის პროცესი კვლავაც შეუფერხებლად გრძელდება.
„ყვითელმა“ უნდა იცოდეს, რომ „ყვითელია“, რომ საზოგადოების დეზორიენტაციის ყოველი მცდელობით დანაშაულის ტოლფას გადაცდომას სჩადის, რადგან ამით სახელმწიფოსთვის დიდი ზიანი მოაქვს.
დღეს კი რა ხდება? წესების დარღვევით მოთამაშე, აკრძალული ხერხებით ხელისუფლების „გაშავებაზე“ მომუშავე ე.წ. ჟურნალისტები ახალბედებისთვის მაგალითი და ორიენტირი გამხდარან, ანუ „სიყვითლე“ გადამდებია.
სახელმწიფო ინტერესი მოითხოვს სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას და ამ გზით საზოგადოების განწყობის ქვეყანაში არსებულ ობიექტურ რეალობასთან დაახლოებას. დღეს, ვისაც არ ეზარება, შეჭმუხვნილი შუბლებით იმაზე ქოთქოთებს, რომ ქვეყანა იქცევა, რომ კატასტროფის წინაშე ვართ და ა.შ. მაგრამ, როგორც კი კონკრეტულ მსჯელობაში გადაუყვან დიალოგს, ანუ ფაქტებით და არგუმენტებით შეფასებების დასაბუთებას მოსთხოვ, უმწეოდ შეშდებიან და ღრმად დაფიქრებულები დაგემშვიდობებიან ხოლმე.
დღევანდელი უიმედობის, უნდობლობის, ლანძღვა-გინების, მტრობის გარემო ოპოზიციად წოდებულმა „ნაცმოძრაობამ“ შექმნა. პიარ-გეგმის გარეშე მოქმედი „ქართული ოცნება“, თავისი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავის დაცვის პოზაშია ჩამდგარი და მასობრივი ნეგატივის წნეხის ქვეშ ცდილობს უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაჭრას.
ბატონო ბიძინა, ასეთი გახლავთ ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ატმოსფერო, რომელშიც ყველას ერთად გვიწევს ყოფნა და საქმიანობა. მეცნიერულადაა დადასტურებული, რომ ნეგატიური ფსიქოლოგიური ზემოქმედების პირობებში, ადამიანის როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური შრომის ნაყოფიერება მნიშვნელოვნად კლებულობს და სხვადასხვა წარმატებებითა და გამარჯვებებით მოგვრილ სიხარულებსაც აკლიათ სისრულე და სისავსე.
მიმართვის ადრესატად ბატონი ბიძინა ივანიშვილი იმ უბრალო მიზეზის გამო გამოვყავი (ამაზე წინა წერილშიც ვისაუბრე), რომ როგორც ქვეყნის გულშემატკივარმა მოქალაქემ, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტიკურ პროცესზე მთავარ პასუხისმგებელ პირს, შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის კონკრეტული გზა შევთავაზო:
დესტრუქციული ძალების მიერ მიზანმიმართულად გამუქებული და ამღვრეული გარემოს დამშვიდების და სახელმწიფოებრივი ცხოვრების (თუნდაც - პოლიტიკური დაპირისპირების) შენებაზე და ზოგადად, პოზიტივზე ორიენტირებულ კალაპოტში გადართვის მიზნით, აუცილებელია ისეთი ე.წ. თამაშის წესების შემოღება, რომლის ღიად უარყოფა ავის მოსურნეებსაც გაუჭირდებათ. ამ გზით პროცესი იმ სივრცეში მოექცევა, სადაც მტყუან-მართლისა და შავის და თეთრის გარჩევა მხოლოდ ფაქტებზე და არგუმენტებზე იქნება დამყარებული.
პოლიტიკური ცხოვრების „თამაშის წესების“ საფუძვლად უნდა იქცეს ის ორი მარადიული ფორმულა, რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით: 1. სად ვიყავით, სად ვართ და სად გვინდა, რომ მივიდეთ; 2. დროის კონკრეტულ პერიოდში, რისი გაკეთება შეიძლებოდა და რა გაკეთდა.
კონსტრუქციული, პასუხისმგებლიანი სუბიექტების ამოცანას უნდა წარმოადგენდეს, დისკურსის მუდმივად აღნიშნულ სივრცეში გადატანა. ვინც ამ სამართლიანი „თამაშის წესების“ დაცვაზე უარს იტყვის, საზოგადოების მხრიდან ყოველთვის სუსტ, უარგუმენტო, უუნარო და აქედან გამომდინარე, დამარცხებულ მხარედ უნდა აღიქმებოდეს.
კომპეტენტური და საქმეში ჩახედული დამკვირვებლისთვის ეს ისედაც ასეა, მაგრამ ასეთი ადამიანების რიცხვი დიდი არ არის და ეს ბუნებრივიცაა. სწორედ საქმეში ჩაუხედავებისთვის არის მნიშვნელოვანი ურთიერთობის წესებზე შეთანხმება, რათა მათ ჰქონდეთ საკითხების გადაწყვეტაში შინაარსიანი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მონაწილეობის საშუალება.
„თამაშის წესების“ მყარად დამკვიდრებისთვის, აუცილებელია დროის გარკვეულ პერიოდზე გათვლილი დეტალური გეგმის შედგენა. ანუ, პირველ ეტაპზე, თვითონ ამ წესებს სჭირდება პიარი (ამ საქმის სპეციალისტები ჩვენში ნამდვილად მოიძებნებიან). საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ ურთიერთობების ეს ფორმა განაპირობებს მის კეთილდღეობას.
ბატონო ბიძინა, სახელმწიფო ცხოვრების მდინარების პოზიტივზე გადართვა მხოლოდ ჩემი და ჩემებურად მოფიქრალების სურვილი რომ იყოს, ნამდვილად არ შეგაწუხებდით... და საერთოდ, ამ წერილში შემოთავაზებული რეკომენდაციები არც სურვილებს ეფუძნება, როგორც ასეთს, არც ავტორის შინაგან რწმენას და არც ვარაუდებს. ამოსავალი გახლავთ ის გამოცდილება (კონკრეტული შედეგებით გამყარებული), რაც ათწლეულების განმავლობაში დაგროვდა დასავლეთის მოწინავე ქვეყნებში.
ის, რაც ჩვენი სამშობლოს და ჩვენი საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს, ავტომატურად წარმოადგენს, თქვენი, ბატონო ბიძინა, და მთლიანად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების - მ ო ვ ა ლ ე ო ბ ა ს.
პოლიტიკური ურთიერთობების ზემოთ შემოთავაზებულ სიბრტყეში გადატანა ობიექტური სურათის შექმნის გარანტიაა ეკონომიკის, ადამიანის უფლებების, სასამართლო სისტემის რეფორმის სფეროებში. დროის მოკლე მონაკვეთში საზოგადოებას ექნება ნათელი წარმოდგენა, თუ რა გაკეთდა აღნიშნული მიმართულებებით.
გაცილებით რთული იქნება ობიექტური რეალობის მიწოდება წმინდა პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით. ეს მიმართულება კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, სადაც განმსაზღვრელი როლი გარემოებებს და ამ გარემოებების მიხედვით, ერთი მხრივ, პიარ-ჯგუფების წარმომადგენელთა კვალიფიციურ მოქმედებას, ანუ მათ პროფესიონალიზმს, ხოლო მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“, როგორც სახელისუფლო პარტიის, რთული, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უნარს, პოლიტიკურ მზაობას ენიჭება. იმის საჩვენებლად, თუ რა მაქვს მხედველობაში, ორ მაგალითს მოვიტან:
„თუ რა სიმძიმისაა ეს პასუხისმგებლობა და რა ფასად დაუჯდა ის ქვეყანას, ამაზე „ომის“ შედეგები მეტყველებს: ას ორმოცდაათზე მეტი დაკარგული სოფელი; ასეულობით დაღუპული სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე; ასეულობით დანგრეული, გადამწვარი და მიტოვებული სახლი; ათასობით ახალი დევნილი; ასეულობით შეურაცხყოფილი (მათ შორის, გაუპატიურებული) ადამიანი; ძირძველ ქართულ მიწაზე ორი ახალი დე ფაქტო სახელმწიფო, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი არმიის საჯარისო შენაერთებით დაცული და გამყარებული...“
ე.წ. აგვისტოს ომთან დაკავშირებით ზემოთ მითითებულ წერილში წარმოდგენილ შეფასებებს სრულად იზიარებს ის მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე, რომელიც აგერ უკვე შვიდი წელია, ყველა დონის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ აძლევს ხმას, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტების გარდა, „ოცნების“ პოზიციას ხალხის მხარდაჭერაც უმაგრებს ზურგს.
ყოველივე ზემოთქმულის მერე, ბუნებრივად ჩნდება კითხვა - მმართველ პარტიას რატომ უწევს მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ყოფნა? რატომ უწევს მუდმივად იმის მტკიცება, რომ პრორუსული ძალა არაა და რომ რუსეთი მისთვისაც(?) ოკუპანტია? 20 ივნისის პროვოკაციამ ეს აბსურდული სიტუაცია, მთელი სიმძაფრით , კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.
პრობლემის გასაღები სწორედ ამ კითხვებზე პასუხებშია. ვითარების სირთულეს, პირადად მე, ასე ვხედავ - „ქართული ოცნება“ ოპონენტების წინააღმდეგ ფაქტების გამომზეურებას თუ გადაწყვეტს, როგორც ხელისუფლება, იძულებული იქნება ამ ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს, ანუ ყველა დანაშაულს შესაბამისი კვალიფიკაციის სასჯელი განუსაზღვროს. სწორედ აქ უნდა იყოს ძაღლის თავი დამარხული. ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო (ვარაუდებზე და ეჭვებზე ვერ ვილაპარაკებთ), მმართველი გუნდი იძულებულია პირში წყალი დაიგუბოს(?)...
ბატონო ბიძინა, რა ხანია თქვენგან ველოდებით პასუხებს კითხვებზე - რატომ არ ხდება ე.წ. აგვისტოს ომის გარემოებებისა და მისი წინმსწრები მოვლენების გამოძიება? რა არის ის ხელისშემშლელი ფაქტორები, გადაულახავ წინააღმდეგობად რომ იქცა ხალხის ნებასა და უსამართლო რეალობას შორის?
ფაქტია, რომ ხელისუფლება, მთელი შვიდი წელია, რთული ალტერნატივის წინაშე დგას: ან უნდა იქნას მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება ძველი რეჟიმის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებების შესახებ, ან სახეზე ხელებაფარებული, ისევ თავის მართლების პოზაში დარჩეს, რაც დიდი ზიანის მომტანია მისთვისაც და ქვეყნის ინტერესებისთვისაც;
სანიმუშოდ, ერთ ტიპიურ შემთხვევას გავიხსენებ: შუალედური არჩევნების წინ, ვრცელ და თემატურად დატვირთულ ინტერვიუში, ბატონმა ბიძინამ საკმაო დრო დაუთმო შალვა შავგულიძის პერსონის დახასიათებას. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივ გარემოებებზე დაფუძნებული ლოგიკური ანალიზი და მისგან გამომდინარე დასკვნები საქმეში ჩახედული მსმენელის თანხმობას იწვევდა, ინტერვიუს ეს ნაწილი, პიარულად, მთლიანად წამგებიანი აღმოჩნდა.
მოდით, პუნქტობრივად განვიხილოთ, ლოგიკურად გამართული შინაარსის პირობებში, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ნეგატიური შედეგის მიზეზი:
ა) „ვინ იტყვის“ - ბატონი ბიძინა, მისი მრჩევლების არასწორი გათვლის შედეგად, აპრიორი წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა - ქვეყნის ნომერი პირველი პოლიტიკური ფიგურა ყოველმხრივ დისკრედიტირებული პერსონის შესახებ ვრცლად, „საქმის გარჩევის“ დონეზე, არ უნდა საუბრობდეს. მაქსიმუმი, რაც ბიძინა ივანიშვილს შალვა შავგულიძეზე შეიძლებოდა ეთქვა, უნდა ყოფილიყო დაახლოებით ასეთი შინაარსის ერთი წინადადება - „შავგულიძეს ვერავინ დაუშავებს იმაზე მეტს, რაც თავის თავს თვითონ დამართაო“;
ბ) „როდის იტყვის“ - მაშინ, როცა ნაცხელისუფლების მიერ მოკლული სანდრო გირგვლიანის ადვოკატი გარიგებაში შევიდა მკვლელებთან და ჯალათებთან და საზოგადოების თვალში უპრინციპობისა და ამორალურობის ცოცხალ სიმბოლოდ იქცა, ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო, რომ მის შერცხვენილ თავზე დამატებით „ბევრი“ ლაფის დასხმა კერძში ზედმეტი მარილის ეფექტის იქნებოდა;
გ) „როგორ იტყვის“ - აქ ორი მომენტი უნდა გამოიყოს: პირველი ისაა, რომ თვალშისაცემი იყო ინტერვიუს შინაარსზე მომუშავე ადამიანების დაუოკებელი სურვილი, მოწინააღმდეგისთვის ისეთი დარტყმა მიეყენებინათ, რომლის შემდეგაც ის ვერასოდეს შეძლებდა წამოდგომას. „ოცნების“ პიარ-ტექნოლოგებს დაავიწყდათ, შინაგანად წესიერი და ობიექტური მაყურებლის ერთი მნიშვნელოვანი თვისება - მას არ მოსწონს არათანაბარი ძალის, გაცილებით სუსტ მოწინააღმდეგეზე (თანაც - „წაქცეულზე“) „გადავლის“ მცდელობაც კი. ბიძინა ივანიშვილი და შალვა შავგულიძე სხვადასხვა წონითი კატეგორიის მოთამაშეები არიან;
მეორე კი ის გახლავთ, რომ გირგვლიანის საქმის სიღრმეებში ჩასვლის შემთხვევაში, წინა პლანზე, როგორც საპირწონე, აუცილებლად წამოიწევდა უსამართლო სასამართლოსთან გაიგივებული მურუსიძის ფიგურა. ეს გარემოება ოპონენტებს აძლევდა იმის საშუალებას, რომ შავგულიძის მიერ ბოლო დროს მიღებული სამარცხვინო გადაწყვეტილებებიდან ყურადღება შავგულიძე-მურუსიძის დაპირისპირებაში გადაეყვანათ. „ოცნების“ პიარმა ესეც ვერ გათვალა;
დ) „სად იტყვის“ - ბატონი ბიძინა ვრცელი ტელეინტერვიუებით ხშირად არ გვანებივრებს ხოლმე და ეს სწორი დამოკიდებულებაა. სახელმწიფოს ცხოვრებაში მისი როლიდან გამომდინარე, იგი ძირითადად საერთო ანალიზით, ფუნდამენტურ საკითხებზე საუბრებითა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შეთავაზებით უნდა იყოს დაკავებული. აქედან გამომდინარე, ამ, გარკვეული თვალსაზრისით საეტაპო ინტერვიუში, არც ისე მნიშვნელოვან, ზნეობრივი კომპრომისის გზაზე შემდგარ ოპონენტზე განსაკუთრებულად აქცენტირებული საუბარი არ პასუხობდა მსმენელის მოლოდინებს.
(ცუდი პიარის, ან არგაკეთებული პიარის, ან ბოლომდე არმიყვანილი პიარის დამატებითი მაგალითები თუ ვინმეს დააინტერესებს, შემიძლია „ბღუჯა-ბღუჯა“ მივაწოდო...)
ბატონო ბიძინა, დიდი იმედი მაქვს, ჩემს არგუმენტებს დაეთანხმებით. და თუ დაეთანხმებით, მაშინ იმაზეც უნდა შევთანმხდეთ, რომ მმართველი პარტიის პიარ-სამსახურში ძირეული რეორგანიზაციაა განსახორციელებელი. იმ შემთხვევაში, თუ ნდობის პრობლემა არ დგას, ამ სამსახურის სრულ (სავარაუდოდ - თვითნასწავლ) შემადგენლობას ხანგრძლივვადიან კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე გავაგზავნიდი რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში.
დასასრულ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, - პოზიტივის სიმცირესა და პიარის არარსებობაზე წუხილი „ქართული ოცნების“ ყველა(!) მხარდამჭერის ერთიანი შინაგანი მდგომარეობაა. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ქვეყნისთვის ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაკლის გამოსწორება ხალხის მოთხოვნაა.
ბიძინა დვალი