logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: შეიძლება განკარგულება სპეცსაშუალებების გამოყენებაზე უფრო ადრე იყო გასაცემი
- +

11 ივლისი. 2019. 22:00

 

 

„იყო სიტყვიერი განკარგულება, რომ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო და შეიძლება, ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა“, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. გახარიამ 20-21 ივნისის მოვლენების დროს პოლიციის გადაადგილებაზე და ხელმძღვანელობის მოქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტთან 19:00 საათამდე მხოლოდ საპატრულო პოლიცია იყო.

 

„როდესაც პირველი შტურმი დაიწყო პარლამენტზე, პარლამენტის პერიმეტრს იცავდა საპატრულო პოლიცია, რის გამოც მოხდა გარღვევა პირველი ფლანგის და ორი შემთხვევა იყო აგრესიული თავდამსხმელების შეჭრის პარლამენტში. სწორედ ამის შემდგომ გავხდით იძულებული, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გადმოგვეწია წინ, უკვე ფარებით. ამის შემდეგ გაიცა სიტყვიერი ბრძანება ათი საათის შემდგომ - არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება და ეს გრძელდებოდა დაახლოებით ორსაათნახევარი. მაშინ იყო განკარგულება, რომ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. შეიძლება არ უნდა მიგვეყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი პოლიციისგან გაეტაცათ 300-ზე მეტი ფარი და გაეტაცათ მასაში 30 პოლიციელი. შეიძლება განკარგულება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე გასაცემი იყო ცოტა უფრო ადრე“, - განაცხადა გახარიამ.

 

ამასთან შს მინისტრმა განმარტა, თუ რატომ გამოიყენა პოლიციამ თმენის ვალდებულება და არ იყო გაცემული მანამდე სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება. როგორც გახარიამ აღნიშნა, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ხალხის რაოდენობა შემცირდებოდა და შს მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს ასეც მოხდა.

 

„გაზი ისროლეს უკან იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვინც პირდაპირ შტურმში არ იღებდნენ მონაწილეობას, მათი გაფანტვა მომხდარიყო, რაც ასევე მოხდა. პირველი ბრძანება იყო გაზის გამოყენებაზე“, - განაცხადა გახარიამ გადაცემა „რეაქციაში“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner