თბილისის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძე ვარდების რევოლუციის მოედნისთვის ძველი სახელწოდების „რესპუბლიკის მოედნის" აღდგენის ინიციატივით გამოდის. „კვირას" პრესკლუბში სტუმრობისას მან განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივით სახელდობის სიმბოლიკის კომისიას მან ათი დღის წინ მიმართა, საკრებულოში კი ამ საკითხს, სავარაუდოდ მომავალ კვირაში განიხილავენ. კობახიძის განცხადებით, არასწორია, როდესაც ხდება ამა თუ იმ ქუჩისთვის სახელწოდების პოლიტიკასთან გაიგივება.
„ვარდების მოედანს 2003 წლის „ვარდების რევოლუციის" პატივსაცემად, პოლიტიკური ჭრილიდან გამომდინარე ეწოდა ეს სახელწოდება. არ მიამჩნია სწორად, რომ სახელწოდება ყოველ ჯერზე იმის მიხედვით შეიცვალოს თუ რომელი პარტია ან წყობა გაიმარჯვებს არჩევნებში. ამ შემთხვევაში რესპუბლიკის მოედანი არ არის განპირობებული პოლიტიკური ნიშნით. თავის დროზე, კარგი იყო, როდესაც ლენინის მოედანს გადაერქვა სახელწოდება და დაერქვა თავისუფლების მოედანი. ყველა ცივილიზებული სამყარო დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის და არ უნდა ყოფილიყო მოედნისთვის შენარჩუნებული პოსტსაბჭოური ლიდერის სახელწოდება", - განაცხადა კობახიძემ.
საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ მის ინიციატივას მხარდაჭერებიც ეყოლება, რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", მისი აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ მოედნის სახელწოდება სწორედ მათი მმართველობის პერიოდს უკავშირდება, ისინი შესაძლოა წინააღმდეგები იყვნენ.