შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ონში, სოფელ გლოლასთან, ქვის მასისა და ხეების ჩამოშლის შედეგად, გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, რის გამოც უცხოელი ტურისტების ჯგუფი გზის მეორე მხარეს ჩარჩა და გადაადგილების გაგრძელებას ვერ ახერხებდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად ადგილზე გავიდნენ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მთავარი სამმართველოს მაშველები.
რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ, მაშველებმა ნორვეგიის 7 და საქართველოს 2 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მეორე მხარეს ამ დრომდე, საკუთარი სურვილით, მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 პიროვნება და 2 ავტომანქანა, რომლითაც ტურისტები გადაადგილდებოდნენ.
მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად, ადგილზე მობილიზებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე ვერ ხერხდება. გაწმენდითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.