აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ხელვაჩაურის მინიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაცია რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. ამჟამად მიმდინარეობს შენობაზე ძველი სახურავის დემონტაჟი და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.
კულტურის ცენტრის მონახულების შემდეგ არჩილ ხაბაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად ახალსოფლის ბაღში ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო. ბაღის ახალაშენებული ორსართულიანი კაპიტალური შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობით, ელექტროენერგითა და წყალმომარაგებით. სოფლის სკოლასთან ახლომდებარე ბაღი მოსახლეობის თხოვნით აშენდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ასაშენებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 693 920 ლარი გაიხარჯა. ბაღი 180 ბავშვზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ინვენტარიზაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2012 წლამდე სულ 9 ბაღი ფუნქციონირებდა. 3 წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში დამატებით 5 საბავშვო ბაღი აშენდა და 4 ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.
„აჭარაში 2013-24-15- წლებში აშენდა 35 საბავშვო ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 52 ბაღს, მიმდინარეობს 17 ბაღის მშენებლობა და 8 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, ამჟამად საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს ოთხ სოფელში: ფერიაში, მახინჯაურში, კირნათში და ქედქედში" - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.