ავტორი ანა ნონიკაშვილი
ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „საყდრისის საქმესთან" დაკავშირებით ისაუბრა. მიქიაშვილის განცხადებით, მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ 2016 წლის 8 აპრილს გამართულ სხდომაზე, საყდრისის საქმე გააერთიანდა კიდევ ერთ, საყდრისთან დაკავშირებულ საქმესთან. საქმეების გაერთიანების შესახებ გამოტანილი განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მიქიაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლო დარბაზში, პროცესის მსვლელობისას შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტი პოლიტიკური პარტიები მივიდნენ, რომლებთანაც მას, ირაკლი ლომიძეს და მამუკა ნოზაძეს საერთო არაფერი აქვთ.
„მოსამართლემ 2016 წლის 8 აპრილს გამართულ სხდომაზე ჩვენს საქმეს შემოუერთა საყდრისთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმე, სადაც მოსარჩელეები არიან: მარინე მიზანდარი, კახა კოჟორიძე და გიორგი გოგოჭური. მათ უფლებებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს და სხდომებზე სულხან სალაძე გამოდის, ტელევიზიებთანაც ის აკეთებს კომენტარებს. სხდომებზე კოჟორიძე და მიზანდარი არ დადიან. ერთი პრეზიდენტის მრჩეველია და თავისი საქმებითაა დაკავებული, ხოლო მეორე, რამდენადაც ვიცი, ევროკავშირის ექსპერტია და სხვადასხვა ქვეყნებში სიარული ხშირად უწევს.
საქმეების გაერთიანების შესახებ გამოტანილი განჩინება გასაჩივრებას, სამწუხაროდ, არ ექვემდებარება. ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლო დარბაზში დიდწილად სავარაუდოდ შეიძლება ვიხილოთ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ უსათუოდ მოჰყვებიან ტელეკამერები. პროცესის დასრულების შემდეგ ჩაწერენ კომენტარებს ჩვენთან, მათთან და ეს ყველაფერი ეკრანზე ისე გამოჩნდება, თითქოს ჩვენ ვართ ერთად, ერთ გუნდში. ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს. ამისგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალება იმის ხმამაღლა თქმაა, რომ ზემოხსნებულებთან ჩვენ - მე, ირაკლი ლომიძეს და მამუკა ნოზაძეს საერთო არაფერი გვაქვს", - განაცხადა მიქიაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 2016 წლის 3 ივნისს, 17 საათზეა ჩანიშნული საყდრისის საქმის განხილვა. ამ პროცესზე დაგეგმილია ქართულ-გერმანული ექსპედიციის ხელმძღვანელის, არქეოლოგ ირინა ღამბაშიძის დაკითხვა.
საყდრისის საქმეს იხილავს მოსამართლე ნინო ბუაჩიძე. მოსარჩელეები არიან ნინო მიქიაშვილი, მამუკა ნოზაძე და ირაკლი ლომიძე. მოპასუხეები - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. საქმეში მესამე პირადაა ჩართული კომპანია „არემჯი გოლდი".
მოსარჩელეების მოთხოვნაა 2014 წლის 12 დეკემბერს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორ ნიკოლოზ ანთიძის მიერ გამოცემული განკარგულებების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც 2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისი ააფეთქეს.