12 ივლისს, სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მიმდინარე ევროკავშირის ტექნიკური დახმარების დაძმობილების პროექტის - „სატრანზიტო სფეროში ევროკავშირის კონვენციებთან საქართველოს მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ამოქმედების მხარდაჭერა“ - ცნობადობის ამაღლებისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს;
შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეებმა ირაკლი შარტავამ და ვლადიმერ ხუნდაძემ, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა. ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ პარტნიორი ქვეყნების (ლატვიის, ფინეთისა და პოლონეთის) საბაჟო ადმინისტრაციების ექსპერტები, ხოლო არსებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საპატიო სტუმრის სტატუსით ფორუმს თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი ეწვია.
ღონისძიება გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა.
მისი თქმით საბაჟო დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს რათა გახდეს ევროკავშირის სატრანზიტო ოჯახის წევრი.
,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს რათა გახდეს ევროკავშირის სატრანზიტო ოჯახის წევრი, რაც ითვალისწინებს, როგორც საკანონმდებლო კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას, ასევე ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების დანერგავს. შედეგად კი მივიღებთ, ეფექტიან და უსაფრთხო სატრანზიტო სისტემას, ვაჭრობის წახალისებას, კონტროლის გამარტივებულ პროცედურებს“, - აღნიშნა მამუკა ჯანგულაშვილმა.
წარმოდგენილი პრეზენტაციებისა და გამოსვლების მიმდინარეობისას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პროექტის ლიდერმა პირიო კოტრომ, ბენეფიციარი სახელმწიფოს პროექტის ლიდერმა სამსონ ურიდიამ, შემოსავლების სამსხურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ არახამიამ და პროექტის რეზიდენტმა მრჩეველმა არტო ლილმანმა აღნიშნული პროექტის მიზანი და მომავალი შედეგები სადისკუსიო პანელის ფორმატში განიხილეს.
ფორუმის მიზანია სატრანზიტო სფეროში ევროკავშირის კონვენციებთან საქართველოს მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) დანერგვის შესახებ ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა.