logo_geo
eng_logo
ბიძინა დვალი: ღირსების საქმე
- +

13 ივლისი. 2019. 15:38

 

 

მთელი საქართველო „საკრალური“ 18 ივლისის მოლოდინშია - დაეთანხმება ევროპული სასამართლო საქართველოს სასამართლოს სამ ინსტანცია გამოვლილ გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, თუ არ დაეთანხმება. როგორც სამართლის სპეციალისტები ამბობენ, იოტისოდენა შანსიც არ არსებობს, რომ არ დაეთანხმოსო, მაგრამ...

 

მაგრამ არსებობს მოვლენათა განვითარების მესამე, ე.წ. თეორიული ვარიანტი - სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების გადავადება.

 

ვფიქრობ, ყველა ანტისახელმწიფოებრივ და საქართველოსადმი მტრულად ან არცთუ მეგობრულად განწყობილ ინდივიდუალურ თუ ორგანიზებულ სუბიექტებს სწორედ ამ სავარაუდო განვითარებაზე აქვთ მთელი ძალისხმევა მიმართული.

 

სამართალმა ერთადერთ შემთხვევაში (ისევ და ისევ თეორიულად) შეიძლება ვერ ჭამოს პური - ევროპული სასამართლო თუ იკადრებს და პოლიტიკურ ველში გადაიჭრება და ასეთ „ახსნას“ გამოაცხობს - იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობაა, ჩვენს ვერდიქტს მოგვიანებით გამოვაცხადებთო... (თეორიულად) ისიც არის შესაძლებელი, გამოაცხადონ განაჩენი და აღსრულება გადაგვივადონ.

 

ობიექტურად, ასეთი სცენარის ხილვა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ხომ მოხდა და ერთმა ევრომოსამართლემ, სულ ცოტა ხნის წინ, პირადი პასუხისმგებლობით, პოლიტიკური მოტივით, ხომ შეაჩერა აღსრულება?! იმავე სასამართლოში ხომ ჭიანურდებოდა ბატონი ლადო ჭანტურიას დანიშვნის გადაწყვეტილება?! საქართველო, ხანდახან, „საჭიროებიდან გამომდინარე“, ხომ ადვილად დასაიგნორირებელი ქვეყანაა?!

 

მოდით, ასე ვთქვათ - გააჩნია, საქმეში „ზევიდან“ ვინ ჩაერევა... არადა „ზევიდან“ უკვე ჩარეულები არიან...

 

განაჩენის გამოცხადების დღისთვის მზადება დიდი ხნის წინ დაიწყო. „ნაცმოძრაობისა“ და მისი ტელევიზიების მიერ მართული პროცესების ერთ-ერთი მთავარი ინტერესი აღნიშნული დღისადმი მომზადებაც იყო. სქემა მარტივია - დაპირისპირების ინსპირირების გზით, პოლიტიკური ვითარების დაძაბვა გარკვეული დროის განმავლობაში.

 

შუალედურ არჩევნებზე პროტესტის აგორება არ გამოვიდა, რადგან „ნაცების“ შიდა რესურსი ამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ, ყველაფერზე წამსვლელმა პროვოკატორებმა მიმართეს ნაცად ხერხს და დახმარებისთვის ჩრდილოელ მფარველებს უხმეს. (იმის ახსნა უკვე უხერხულიცაა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მთელი „მოღვაწეობა“ ჩვენ ქვეყანაში რუსული ინტერესის გატარებას ემსახურება.)

 

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ „გავრილოვის პროვოკაცია“ სამი ლოკაციიდან, შეკრული სამკუთხედის სამი კუთხიდან განხორციელდა - რუსები, „ნაცები“ და „ოცნების“ გარკვეული ჯგუფი. დესტაბილიზაციის ორგანიზატორთა პრობლემა ისაა, რომ „აქციებს“ თითებზე ჩამოსათვლელი მხარდამჭერები ჰყავს.

 

ყურადღების გასამახვილებელი ფაქტია, რომ არარსებული „მუხტის დაჭერისთვის“ მაინც დიდი ფული იხარჯება. აქედან გამომდინარე, ყველასთვის გასაგები ხდება, რომ პოლიტიკურად მართული, თითიდან გამოწოვილი „პროტესტი“ მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - სხვადასხვა მისამართზე, „საჭირო ხალხისთვის“ დაგზავნილ იქნას ე.წ. „კარწინკა“. ეს „საჭირო ხალხი“, თავის მხრივ, შეეცდება აღნიშნული მასალა გამოიყენოს ევრომოსამართლეებზე ზეწოლისთვის.

 

ერთადერთი, ვისაც ზემოხსენებული სამეულიდან ევროპული სასამართლოს ყველა წევრზე, ერთდროულად, წნეხის განხორციელება (თეორიულად) შეუძლია - რუსეთია(!).

 

იმედი ვიქონიოთ, რომ ევროპული სასამართლოს  სამართლიან გადაწყვეტილებაზე ვერანაირი ქვედა დინებები გავლენას ვერ მოახდენენ და ჩვენი სასამართლოსა და აქედან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფოს ღირსება არ შეილახება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსურნე შიდა და გარე ძალების პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.

 

 

ბიძინა  დვალი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner