logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: რამხელა სინანული მოსჩანდა გულიდან ამოსულ მის თითოეულ „დანაბარებში“...
- +

14 ივლისი. 2019. 13:17

 

„სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი.“

 

ეს სიტყვები ჩვენს დღევანდელ იუბილარს ეკუთვნის, რომელიც სამშობლოს, ოჯახის, მეგობრებისა და ქალისადმი პატივისცემასა და სიყვარულს ისეთი სიალალით და სიღრმისეულად გამოხატავდა, რომ შენც იმ გრძნობების თანაზიარს გხდიდა და გაკეთილშობილებდა - წუთით მაინც...

 

დღეს ჩემს ერთ-ერთ სტატუსს გაგახსენებთ და კიდევ ერთხელ მივესიყვარულები ჩვენს სახელოვან მწერალს:

 

„შენ ძალიან უყვარდი მურადას, სულ ასე მეუბნებოდა, მერი კარგი გოგოა, მერისთანა გოგო ქვეყანაზე არ დადის, მერი სულ ყველას სჯობია, მერი ძალიან კარგი გოგოა, მერი ლამაზი გოგოა, მერისთანა ლამაზი თვალები არავის არ აქვს, მერი ძალიან კეთილი და ჭკვიანი გოგოა, შენ ძალიან უყვარდი მურადას, ჩემსავით უყვარდი...“

 

სიყვარულის ამგვარად ახსნას მხოლოდ ქართველი კაცი და მწერალი თუ მოიფიქრებდა – დიდი გულის, ნიჭის, უზადო იუმორის და თავადაც უზომოდ შეყვარებული ქართველი კაცი, რომელსაც შეეძლო „ძაღლის ენაც კი გამოება“ და ქალისთვის სიყვარული იმგვარად აეხსნა, „ქე“ რომ დუნიაზე არავის, არასდროს და არავისთვის აუხსნია... აი, ასეთი დიდი კაცი და მწერალი იყო ნოდარ დუმბაძე, ქართული იუმორის მაესტრო, რომელიც 1928 წლის 14 ივლისს დაიბადა.

 

რა სხვანაირი ხიბლი ჰქონდა დუმბაძის სიტყვას და იუმორს... რამხელა სინანული მოსჩანდა გულიდან ამოსულ მის თითოეულ „დანაბარებში“... სიყვარულით მართლა შეიძლება გაგიჟდეს კაციო, წერდა, მაგრამ კი არ გაგიჟდა, ისეთი დიდი სიყვარულით იცხოვრა, რომ გული „გაუსივდა“ და გაუსკდა... ვერ აიტანა ქართველთა მიერ ერთმანეთის დაუნდობლობა... აკი წერდა, ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს. უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულითო... და „...დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალების. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე“-ო.

 

ამ მოგონებას კვლავ ჩვენი ნოდარ დუმბაძის სიტყვებით დავასრულებ:

 

„ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ...“

 

სამწუხაროდ, ბატონი ნოდარი სულ რაღაც 56 წლისა გარდაიცვალა 1984 წელს, მაგრამ მაინც ბევრი რამ გვითხრა, ბევრჯერაც ჩაგვაფიქრა და გვაცინ–გვატირა.

 

ბატონი ნოდარი დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10219967918888106

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner