logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: რეზო ლაღიძე ხელოვანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც არასოდეს კვდებიან...
- +

10 ივლისი. 2019. 16:08

 

1921 წლის 10 ივლისს სოფელ ობჩაში დაიბადა დიდი რეზო ლაღიძე, ანუ როგორც მაესტრო ჯანო კახიძემ თქვა, „მელოდიის გალაკტიონი“.

 

მართლაც მელოდიის მეფე იყო ბატონი რეზო, რომელმაც უკვდავი ნაწარმოებები დაგვიტოვა.... მე ვიტყოდი, რომ რეზო ლაღიძე ხელოვანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც მხოლოდ იბადებიან და არასოდეს კვდებიან... განა შეიძლება ვინმემ თქვას, რომ „თბილისოს" შემქმნელი მოკვდა? სანამ საქართველო არსებობს (და ის მუდამ იარსებებს), შესრულდება და იარსებებს რეზო ლაღიძის მუსიკაც...

 

ერთხელ ბატონ რეზოს უთქვამს, ერთი რამ საოცრება არსებობს ამქვეყნად - სიყვარულიო... ვის, თუ არა რეზო ლაღიძეს უნდა ეთქვა ეს სიტყვები?! ვის, თუ არა რეზო ლაღიძეს უნდა ეწერა მუსიკა თბილისზე, ჰიმნი დედა ენასა და ქუთაისზე, ოპერა ლელაზე, ბალადა ვაზზე, სიმფონიური პოემა სამშობლოზე, სიმფონიური სურათი საჭიდაოზე, ოდა მესხეთზე და ყველაფერი ერთად სიყვარულზე... ჰოჰოჰოჰო, თან რა მუსიკა... აი, შიგ კაკალ გულში რომ გირტყამს, შეყვარებულს - გაგაგიჟებს, გაბუტულს - აგატირებს, სამშობლოზე მოფიქრალს - თავგანწირვისთვის აგანთებს, გამწარებულს - დაგატკბობს, გავეშებულს - დაგაშოშმინებს, მომაკვდავს - წლებს შეგმატებს... მაგრამ გულგრილს არასოდეს დაგტოვებს...

 

სიყვარული შენ ჩემს გულში ხანჯლად გაგიტარებიაო, ხომ გახსოვთ?! ჰოდა, ამ სიმღერას და „საჭიდაოს" მუსიკას რომ გავიგონებ, თქვენი არ ვიცი, მაგრამ დღემდე გული მიჩერდება, საოცარი გრძნობები მეუფლება, სხვანაირი ძალით ვივსები, ხანჯლისთვისაც მზად ვარ და თავგანწირვისთვისაც...

 

რეზო ლაღიძე გარდა-იცვალა 1981 წელს... მისი სხეული დაკრძალეს დიდუბის პანთეონში... სული კი დღესაც დაჰქრის და მთელ საქართველოს და სამყაროს სიყვარულით ავსებს...

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner