ავტორი თეა ფირცხალავა
1884 წლის 12 ივლისს ქ. ლივორნოში დაიბადა ებრაული წარმომავლობის უდიდესი იტალიელი ფერმწერი-ექსპრესიონისტი, მოქანდაკე და გრაფიკოსი ამადეო მოდილიანი, ერთი „შეპყრობილი" ხელოვანი, აბსოლუტურად თვითმყობადი ხელწერით, რომელიც, მრავალი დიდი ადამიანის დარად, მითებისა და ლეგენდების სამიზნედ იქცა, ან კერპად, რომელიც მილიონებს უყვართ. ამასწინ უკვე გიამბეთ მისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, რომელიც მისებრ ლეგენდარულ ანნა ახმატოვას უკავშირდებოდა; გაგაცანით ზოგიერთი ფერწერული და სკულპტურული ნამუშევარი. ამიტომ დღეს შევეცდები, რაიმე სხვა ისტორია გავიხსენო, თუმცა ახალს ნამდვილად ვერაფერს გეტყვით.
ამადეო მოდილიანის ცხოვრებაზე მწირი „რეალისტური" ინფორმაცია, მაგრამ ბევრი ჭორი არსებობს. დანამდვილებით კი ცნობილია, რომ 1917 წელს მან გაიცნო 19 წლის ჟანნა ებიუტერნი, რომელიც მალე იქცა მხატვრის მთავარ მუზად. ჟანნას სიგიჟემდე უყვარდა მოდი, რაც მოგვიანებით ძალიან „ცუდად" დაამტკიცა. 1918 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც ასევე ჟანნა დაარქვეს.
1920 წელს 35 წლის ამადეო მოდილიანი ტუბერკულოზური მენინგიტით გარდაიცვალა პარიზის ერთ-ერთ ღარიბთა ჰოსპიტალში. იმ დროს ჟანნა ებიუტერნი მეორე შვილზე იყო 9 თვის ფეხმძიმე. როდესაც მოდის სიკვდილზე შეიტყო, ჭკუიდან გადადგა... უმალ გაახსენდა სიტყვები, რომელსაც მოსალოდნელი ჯვრისწერისას გაიმეორებდა - „..სანამ სიკვდილი არ გაგვყრის..." ჰოდა... სამშობიარო სახლის (ზოგი ვერსიით კი ნიცის ოტელის) მე-5 სართულიდან „გადაფრინდა"... იგი იმავე დღეს უხმაუროდ მიაბარეს მიწას (ვფიქრობ, მოდი და ჟანნა კი არ გაიყარნენ, არამედ შეიყარნენ, ოღონდ უფრო საინტერესო სამყაროში...)
ამადეო მოდილიანი დაკრძალეს პერ-ლაშეზის სასაფლაოს ებრაულ ნაწილში. ჟანნა ებიუტერნს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ „დართეს ნება", რომ მოდისთან გადმოესვენებინათ.
საფლავის ქვაზე არის ასეთი შინაარსის ეპიტაფია: „ამადეო მოდილიანი... რომელსაც სიკვდილი დიდების ზღურბლზე წამოეწია". ქვევით კი წერია: „ჟანნა ებიუტერნი... ამადეო მოდილიანის ერთგული მეგზური, რომელმაც არ მოისურვა მასთან განშორება.