ავტორი თეა ფირცხალავა
დღეს კიდევ ერთ ძალზე საინტერესო მხატვარს, გრაფიკოსს და ფერმწერს შეგახსენებთ, რომელსაც სრულიად მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა მწერლის ამპლუაში იცნობს. სრულიად სამყაროს, მათ შორის საქართველოს, მკითხველებს ჩვენმა იუბილარმა სულ ორად ორი, ჟანრობრივად „უცნაური“ კრებულით დაგვამახსოვრა თავი, ესენია „დარიჩინის დუქნები“ (ქართულ თარგმანში „დარიჩინის ქულბაქები“) და „სანატორიუმი კლეპსიდრის ქვეშ“ (ქართულ გამოცემაში „სანატორიუმი ქვიშის საათის ქვეშ“). რაც შეეხება მის დაუმთავრებელ რომანს „მესია“, ამბობენ, რომ მისი ხელნაწერი კგბ-ს არქივებში „ინახება“. მაშ ასე...
1892 წლის 12 ივლისს, ყოფილი ავსტრია-უნგრეთის პროვინციის, დღეს კი ლვოვის ოლქის, ქალაქ დროგობიჩში დაიბადა ებრაული წარმომავლობის ცნობილი პოლონელი მწერალი და მხატვარი ბრუნო შულცი. ბრუნომ ხატვა უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ლაპარაკი და დღეს წარმოგიდგენთ ამ ნიჭიერი მხატვრის რამდენიმე, ყველაზე მნიშვნელოვან გრაფიკას, 1 ფერწერულ ნამუშევარს და ფრესკებს, ასევე შეგახსენებთ რამდენიმე ფაქტს მისი ბიოგრაფიიდან, ხოლო ლიტერატურულ მიღწევებზე სხვა დროს გიამბობთ.
ჩანაწერების თანახმად, შულცები ნამდვილი პოლიგლოტები იყვნენ, რადგან ოჯახში თავისუფლად საუბრობდნენ პოლონურ, რუსულ, გერმანულ და ებრაულ (იდიში) ენებზე, ხატვა, როგორც ასეთი, ბრუნოს არასოდეს უსწავლია, თუმცა, ცოტა ხანი ვენის ნატიფი ხელოვნების აკადემიის მსმენელი იყო, რის გამოც მას, ხშირად, ავსტრიელ მხატვრად მოიხსენიებენ. ერთი პერიოდი ბრუნო ხატვის მასწავლებელიც იყო სკოლაში და მაინც... დღემდე არავინ იცის, სად დაეუფლა იგი ფოტოგრაფიული გრაფიკის ტექნიკას, რომლითაც ხელოვნების ისტორიაში შევიდა. ეს იყო ტექნიკა, რომლის დროსაც ბრუნო იღებდა ჟელატინის შავი ფენით დაფარულ შუშის ფირფიტას და მასზე ნემსის წვერით ხატავდა (რასაც კლიშე-ვერრის ტექნიკას უწოდებენ).
ამ ტექნიკით ბრუნო შულცმა უამრავი ავტოპორტრეტი და ილუსტრაციები შექმნა, მათ შორის საკუთარი ნაწარმოებებისთვის, რომელთა დიდი ნაწილი ომის დროს განადგურდა (ისევე, როგორც მისი ლიტერატურული ნაწარმოებები).
1939 წელს ქალაქი დრაგობიჩი გერმანელმა ფაშისტებმა დაიკავეს.... მოკლედ, ბრუნო ჯერ მესამე რაიხში, 15 დღეში კი - სსრკ-ში აღმოჩნდა, რადგან დრაგობიჩში საბჭოთა ჯარები შევიდნენ და გერმანელები გარეკეს... მალე ქალაქის (გასაბჭოებულმა) მმართველობამ სთხოვა ბრუნოს, რომ სტალინის მასშტაბური პორტრეტი დაეხატა. პორტრეტი მართლაც შეიქმნა და იგი რატუშის შენობაზე გამოფინეს. „ურჩი“ მტრედები არას დაგიდევდნენ ბელადს და... როდესაც ბრუნომ შელახული ნახატი დაინახა (ცოტა ეჭვი მეპარება, რომ გაებედა, მაგრამ მაინც) შესძახა, ცხოვრებაში პირველად გამიხარდა, რომ ჩემი ნამუშევარი გაფუჭდაო (ეს ნახატი დაკარგულია).
რამდენიმე ხნის შემდეგ გერმანელები კვლავ დაბრუნდნენ დრაგობიჩში და წელიწად-ნახევარი ბრუნო შულცი გეტოში, ნამდვილ ჯოჯოხეთში ცხოვრობდა. ამასთან, მისი ნახატებით დაინტერესდა ქალაქის კომენდანტი ფელიქს შულცი. მას ტირანის რეპუტაცია ჰქონდა, მაგრამ ბრუნოს „ბედმა გაუღიმა“... „მწვალებელმა“ ლანდაუმ ჩათვალა, რომ იგი „სასარგებლო ებრაელი“ იქნებოდა და ბრუნოს საკუთარი პორტრეტის დახატვა და ვილის და საყვარელი ვაჟის საძინებელი ოთახის კედლების მოხატვა დაავალა. სწორედ მაშინ შეიქმნა ბრუნო შულცის უნიკალური ფრესკები, რომლებიც აბსოლუტურად განადგურებული ეგონათ მანამ, სანამ...
2001 წელს დროგობიჩში აღმოაჩინეს ფრესკები, რომლებიც ბრუნომ ქალაქის კომენდანტის ფელიქს ლანდაუს დაკვეთით შექმნა1941-42 წლებში. აღმოჩენილი 8 ფრესკიდან 3 არალეგალურად გაიტანეს უკრაინიდან, 5 კი დაცულია ქალაქის მუზეუმში და მის მთავარ ღირშესანიშნაობას წარმაოდგენს. ფრესკები აღმოაჩინეს გერმანელმა კინოდოკუმენტალისტმა მამა-შვილმა გეისლერებმა, რომლებიც ამზადებდნენ ფილმს ბრუნო შულცის ბედისწერაზე და, შესაბამისად, გარკვეულ ფრესკებზეც ჰქონდათ ინფორმაცია (ალბათ გერმანიაში დაცული არქივებიდან). სწორედ მათ იპოვეს ლანდაუს ვაჟის საძინებლის კედლებზე შემორჩენილი ფრესკების ფრაგმენტები. ფრესკებზე ასახულია ძმები გრიმების ზღაპრების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციები.
2008 წელს, ისრაელის „იად ვა-შემის“ („ჰოლოკოსტისა და ჰეროიზმიბს ნაციონალური მემორიალის“) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრუნო შულცის ფრესკები შეიქმნა ნაცისტი გერმანელი ოფიცრის იძულების შედეგად, რაც მონური შრომის თვალხილული ნიმუში იყო.
რაც შეეხება ბრუნო შულცის ფერწერულ ნამუშევრებს და მრავალ გრაფიკას, ისინი განადგურებული ან დაკარგულია - ერთი ფერწერული ტილოს - „შეხვედრის“ გარდა, რომელიც ვარშავის ლიტერატურის მუზეუმშია დაცული და დღეს წარმოგიდგენთ.
და ბოლოს, 1942 წელს, გეტოში პურის საყიდლად გამოსული ბრუნო შულცი გესტაპოს ოფიცერმა ჰაუპტშარფიურერმა კარლ გიუნტერმა პირდაპირ შუბლში გასროლით მოკლა...
დასკვნა ასეთია: ბრუნო შულცი იყო პოლონელი მწერალი, ავსტრიელი მხატვარი და ებრაელი კაცი, რომელიც გერმანელებმა მოკლეს უკრაინის ტერიტორიაზე.
https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10219951276992069