ავტორი ალა გრიგალაშვილი
„იქმნება ერთიანი, დიდი, მძლავრი ეროვნული ძალა, რომელიც ერთობლივი ძალებით მონაწილეობას მიიღებს საპარამენტო არჩევნებში", -ამის შესახებ პარტია „ეროვნულების" ლიდერმა „რეპორტიორს" განუცხადა. სანდრო ბრეგაძის თქმით, მოლაპარაკების პროცესი დეპუტატ თამაზ მეჭიაურთან მიმდინარეობს. მისი განცხადებით, კონსულტაციები იმართება იმ პოლიტიკოსებთან და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდნენ.
„ბატონ თამაზს ჩემთან ჰქონდა საუბარი არაერთხელ, შევხვდით კიდეც ერთი ერთზეც და ფართო ფორმატშიც. მეჭიაური ჩემი დიდი ხნის მეგობარია, ჩვენ ჯერ კიდევ 1999 წლის პარლამენტიდან ვმეგობრობთ, ერთად ვიყავით პარალმენტის დეპუტატები. ჩვენს შორის წლების განმავლობაში მჭიდრო მეგობრული ურთიერობა ჩამოყალიბდა. რაც შეეხება პოლიტიკურ თანამშრომლობას, არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ამ საკითხზე საუბრები იყო. საუბრები იყო არამარტო ჩემთან, არამედ საკმაოდ ბევრ ადამიანთან: საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან, საკმაოდ ცნობილ პოლიტიკოსებთან, პარლამენტარებთან, ესენი ძირითადად არიან ის ადამიანები, რომლებიც უკომპრომისოდ ებრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმს.
მოლაპარაკებები არის იმ ადამიანებთანაც, რომლებიც წინააღმდეგნი არიან ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაციის რეჟიმის. ეს საუბრები იყო და გრძელდება დღესაც. რომ გითხრათ, რომ კონკრეტული საკითხი უკვე გადაწყვეტილია, ასე არ არის. მაგრამ სერიოზული თანამშრომლობის ჩანასახი უკვე არსებობს. საუბარია, შეიქმას ერთიანი, დიდი, მძლავრი ეროვნული ძალა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში", - განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, თანამშრომლობას ექნება პოლიტიკური პარტიის ფორმა, თუმცა ბრეგაძე არ გამორიცხავს კოალიციის რეჟიმში ურთიოერთობასაც.
„ჯერ მოლაპარაკებები დასრულებული არ არის, აქედან გამომდინარე, მეტ დეტალებს ვერ გეტყვით", - აღნიშნა ბრეგაძემ.