საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ანგარიშის „წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წარსულის პრაქტიკის ანალიზი და პრევენციული რეკომენდაციები" პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა, რომ წამება „ნომერ პირველი თემაა", რომელიც ადამიანს ადამიანობას აკარგვინებს.
მისი თქმით, ჩვენ ყველამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვუთხრათ „არა" წამებას და მწამებლებს.
„წამება განეკუთვნება დანაშაულთა იმ კატეგორიას, რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობის ვადა - მნიშვნელობა არ აქვს, დანაშაული 2004 წელს, 2007 წელს, 1997 წელს თუ 1992 წელს მოხდა. ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, არამედ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ დღეს ვინმეა დაუსჯელი ამ უაღრესად, ყველაზე არაადამიანური ქმედებისთვის, რასაც ჰქვია ადამიანის წამება. ეს არის ალბათ ნომერ პირველი თემა, რომელიც ადამიანს აქცევს ადამიანად ან პირიქით, ადამიანს აკარგვინებს ადამიანობას, თუკი ვინმე ამას აკეთებს. ასე რომ, აუცილებელია ამ თემებზე ღრმა, სისტემური, მიუკერძოებელი მსჯელობა. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს რომელიმე პოლიტიკური პროცესის შემადგენელ ნაწილად. ჩვენ ყველამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვუთხრათ „არა" წამებას და მწამებლებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი და რა დროსაც არ უნდა ჰქონდეთ ეს დანაშაული ჩადენილი",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.