logo_geo
eng_logo
სოფიო ქაცარავამ სიტყვით მიმართა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი შეხვედრის მონაწილეებს
- +

15 ივლისი. 2019. 20:35

 

 

სოფიო ქაცარავას ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, სამი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ხელმძღვანელობით გაიმართა სამმხრივი საპარლამენტო შეხვედრა, სადაც მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები, სამმხრივი თანამშრომლობის საკითხები და არსებული გამოწვევები.

 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონის უსაფრთხოებაზე და ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს ენერგეტიკული და სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, მათ შორის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

სოფიო ქაცარავამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სამ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მაღალი დონის სტრატეგიულ ურთიერთობებზე და ისაუბრა პარლამენტის როლზე ამ კავშირების განმტკიცებაში.

 

სოფიო ქაცარავამ ასევე, ისაუბრა რეგიონის სტაბილურობაზე, განვითარებასა და მშვიდობაზე, რაშიც დიდი მნიშვნელობა აქვს სამივე ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას და საერთო მიზნებისკენ თანმიმდევრულ ნაბიჯებს, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოების დონეზე.

 

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა კვლავ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და მაღალი შეფასება მისცეს სამმხრივ საპარლამენტო ფორმატს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მონაწილე ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასა და საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაში.

 

„უკვე მეორე წელია ვატარებთ ამ ფორმატს, რომელიც საუკეთესო პლატფორმაა სამი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ჩართულობით, საერთო საკითხებისა და გამოწვევების, ასევე თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განსახილველად. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდეთ, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ფორმატის განვითარებასა და გაფართოებაზე. მომავალ წელს ვგეგმავთ მორიგი შეხვედრის ჩატარებას და წლის განმავლობაში ფორმატის ფარგლებში ერთობლივად მიღწეული შედეგების განხილვას“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის წევრი - რამაზ ნიკოლაიშვილი.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner