logo_geo
eng_logo
2004-2012 წლებში, წამებისა და სისტემური დანაშაულის შესახებ დასკვნა გამოქვეყნდა
- +

2 ივნისი. 2016. 18:27



ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, 2004-12 წლებში, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, სისტემური დანაშაულის, სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება წარმოადგინა.


სამუშაო ჯგუფმა ჩატარებული სამუშაოების შედეგების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება ატარებდა საყოველთაო, სისტემურ ხასიათს.


დასკვნის თანახმად, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობის გამოყენებას ჰქონდა ინტენსიური ხასიათი; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება სანქცირებული იყო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება ემსახურებოდა მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებას; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება ემსახურებოდა ტოტალური შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას საზოგადოებაში; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი;


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მიიჩნევს, რომ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდების გამოყენების თაობაზე მითითება ხშირ შემთხვევაში მომდინარეობდა პროკურატურის მხრიდან და ემსახურებოდა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე სასურველი შედეგის მიღწევას; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო ძალოვანი უწყებების ხელში სასურველი ჩვენების მიღების საშუალება, ქონებისა თუ წილების დათმობის მარტივი გზა და საპროცესო შეთანხმების დადების იძულების ეფექტურ მექანიზმი; პროკურატურა, როგორც სამართლებრივი დაცვის მექანიზმი, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, არ ფუნქციონირებდა; სასამართლო ხელისუფლება პროაქტიურად არ რეაგირებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე;


ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი არ იყო ეფექტური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოვლენისა და მათზე სათანადო რეაგირების კუთხით; ადვოკატები, ცალკეულ შემთხვევებში, არ ასაჩივრებდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენების ფაქტებს; ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები უარს ამბობდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაშუქებაზე.


დასკვნა მოამზადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა და მასში ჩართული იყვნენ: პარლამენტი, სახალხო დამცველის ოფისი, გაეროს უმაღლესი კომისარიატის თბილისის ოფისი, პროკურატურის, შსს-სა და სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენლები. ასევე მოწვეული სპეციალისტები. დასკვნა მზადდებოდა 2 წლის განმავლობაში.


კომიტეტის ინფორმაციით, დასკვნა ემყარება მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ფაქტებს, უშუალოდ ნაწამები ადამიანების გამოკითხვის (6000-ზე მეტი საჩივარი იყო შესწავლილი), კვლევის შედეგებს, ასევე საერთაშორისო სტრუქტურების და ორგანიზაციების დასკვნებს, სასამართლო განაჩენებს.


დასკვნა შედგება შეფასების, რეკომენდაციების და საკანონმდებლო ცვლილებებისგან, რომლის მიზანია 2004-12 წლებში ძალადობრივი სისტემის შეფასება, გაანალიზება, მიზეზების დადგენა, რეაგირება და მომავალში პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა არასოდეს, არც ერთი ხელისუფლების დროს არ მოხდეს მსგავსი ფაქტები ადამიანების წინააღმდეგ.


დოკუმენტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს და შემდეგ პლენარულ სხდომას, სადაც მიღებული უნდა იქნას რეზოლუცია.


დასკვნის საჯარო პრეზენტაცია ამ წუთებში, გაეროს ოფისის ორგანიზებით პარლამენტში მიმდინარეობს და ესწრება დიპლომატიური კორპუსი, ყველა საელჩო, მთავრობის მეთაური და შესაბამისი სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, პოლიტიკოსები, უფლებადამცველები და დაზარალებულები.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner