logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ნინო ბურჯანაძე! დღეს მისი დაბადების დღეა! ვულოცავ! კეთილი სურვილები პატივსაცემ ქალბატონს
- +

16 ივლისი. 2019. 15:45

 

ნინო ბურჯანაძე!

დღეს მისი დაბადების დღეა!

ვულოცავ! კეთილი სურვილები პატივსაცემ ქალბატონს.

 

საგანგებოდ ვიმეორებ ორი წლის წინანდელ პუბლიკაციას, ხაზგასმით ვამბობ: ჩემი მეგობრებისთვის(!) და არა იმათთვის, ვისაც ბოღმისგან შესაძლოა გული გაუსკდეს. მაგას არ ვიდარდებ, მაგრამ ჩემს ახლობლებს, ფბ-მეგობრებს ვთხოვ, უკვე რომ შეგვაჩვიეს იმ აჟიოტაჟის ფონზე, მაინც შეადარეთ მავანს და მავანს, საქმით, აზროვნებით... ბოლოს და ბოლოს, თუნდაც იმით არის საინტერესო, რომ როგორ და რა კუთხით ხედავს ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ ოპოზიციონერ-პოლიტიკოსს და ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანის(!!!) ნათლულ და მერე მისი და მისიანების შურით „ჩასაქოლად“ ერთობ მოწადინებულად გამეტებულ ქალბატონს „გრუ“-ს, „ფსბ“-ს, მოსადის და ეთიოპიის დაზვერვის, თანაც, რუსეთუმე „ბებერი გენერალი“...

 

ზოგიერთი ავყია, შურით აღსავსე მოშტერო ოპონენტისგან განსხვავებით, ამ დიდებულმა ქალბატონმა გამართული ქართულით საუბარიც იცის, წერა-კითხვაც, მეგობრობის და ნათელ-მირონის ფასიც, რამეთუ ვიღაც-ვიღაცეებისგან განსხვავებით, ისეთ ოჯახშია გაზრდილი, სადაც რასაც, რაზეც და ვისზეც საუბრობენ ზუსტად ის დამოკიდებულება აქვთ გარეთაც - ოჯახში განხილული მოვლენისა და პიროვნებისადმი.

 

ახლა, ინებეთ, ეს ძველი პუბლიკაცია:

***************************************************

 

Нугзар Попхадзе

16 июля 2017 г. ·

 

ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სცენაზე ერთერთი თვალსაჩინო „მოთამაშეა“ ქალბატონი ნინო, გამორჩეული განათლებით, გამოცდილებით, გონიერებით, წონასწორობით, ტაქტით, დახვეწილობით...

 

ყოველივე ეს ციდან არ „ჩამოფრენილა“, მრავალწლიანმა პოლიტიკურმა საქმიანობამ მოიტანა. ეს პერიოდი აღსავსე იყო წინსვლა-გამარჯვებებით, ზენიტში ყოფნით და უკუსვლა-დამარცხებით, უმწვავესი, მტკივნეული „ღრენა-კბენა-ბწკენებით“, ზოგჯერ, სამწუხაროდ, მართლაც, დამსახურებული (რამეთუ პოლიტიკაში შეუცდომელი „ფრთიანი ანგელოზი“ ვერ და არ იქნები), შემდგომ ჭკუის სასწავლებელი ფაქტებისა გამო, უფრო მეტად კი ტენდენციური, გამიზნული, დაუნდობელი დარტყმებით.

 

ასე იცის პოლიტიკამ. მით უმეტეს, თუ მასში ყოფნა შენი არჩევანია: ვალდებული ხარ და უნდა კიდეც აიტანო, მოითმინო და არ გაბოროტდე, შურისძიების გრძნობა არ დაგეუფლოს, შენში არ გაბატონდეს სამაგიეროს გადახდის დაუოკებელი სურვილი. ჩვენი ისტორია, განსაკუთრებით უახლესი, მდიდარია ამ მოსაზრების საპირისპირო ფაქტებით, რომლებმაც გაამდიდრეს ქართული პოლიტიკური ემიგრაცია უცხოეთში. ამ მხრივ, ბურჯანაძემ შესაშური ლოიალობა გამოიჩინა და გადაეფარა არაერთს, რომელთა გათელვა-დასამარების სურვილი „ვარდების რევოლუციონერების“ ზოგიერთ შიზოიდს, დღესაც არ განელებია.

 

ნინოს სასახელოდ ისიც უნდა ითქვას, რომ „პოლიტბარიკადების“ ორივე მხარეს ყოფნის სიმძიმეს გაუძლო - ზოგიერთებივით არც „თავში ავარდნია“ და არც „მიწაზე ფორთხიალი“ და თავსაფრის „ღეჭვა“ დაუწყია. დარჩა იმ ნინოდ, რაც იყო: ძლიერად, ნებისყოფიანად, ემოციების დამთრგუნველად, პრინციპულად და შეუპოვრად.

 

ამ თვისებებმა, პლუს - შრომისმოყვარეობამ, მოუტანეს, ჩემი აზრით - მართებულად, „რკინის ქართველი ლედის“ სახელი და მავანთა ვერავითარი ქილიკი მას ვერ შებღალავს. ღიმილისმომგვრელი კი ის ნაღდი ფაქტია, რომ ამ „მავანთა“ შორის განსაკუთრებით გამოირჩევიან „პრინციპულობით და უღალატობით“ საქვეყნოდ ცნობილი მისი ყოფილი „პოლიტპარტნიორები“ ან მათი ისტერიულად და უტიფრად მკივან-მჩხავანა „ცოლები“, „საყვარლები“ თუ სხვა მოშურნე მდედრები. ესეც კლასიკაა!

 

შესაძლოა, არ მოგწონდეს ბურჯანაძე (ასეთი ცოტა როდია), არ იზიარებდე მის პლატფორმას (არც აქ იგრძნობა ხალვათობა), აპროტესტებდე მის ტაქტიკას (უწინარესად, სავარაუდოდ, ურაპტრიოტული მოსაზრებებით), კრიტიკულად აღიქვამდე მისი პოლიტიკური წარსულის ზოგიერთი ფურცელი თუ ნაბიჯი იწვევდეს აღტაცებას (ასეთებიც არ არიან ერთეულები), ზოგჯერ მამის რაიკომისმდივნობასაც უწუნებდე (თუმც, ამ „უპატიებელ“ ნაკლს გრ. ვაშაძის ბიოგრაფიაში ვერ ხედავდე), მისი არცთუ ხშირი (!!!) სატელევიზიო გამოსვლების ტონალობა და შეფასებებიც გაღიზიანებდეს (არცთუ უსაფუძვლოდ, მაგრამ რა ვუყოთ აუარებელ დაინტერესებულ და ყურადღებით მსმენელ აუდიტორიას?), მაგრამ ობიექტურობა არასოდეს არ უნდა დაკარგო: იყო აქტიურ პოლიტიკაში თითქმის 30 წელი, იყო არაერთგზის დეპუტატი, იმ პარტიის დამფუძნებელი და მისი უცვლელი ლიდერი, რომლისგანაც არავინ „გარბის“ კრიზისის თუ „წარუმატებლობის“ შემთხვევაში, არაერთგზის ასრულებდე მარტო შენი ქვეყნის კი არა, ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობრივ ფუნქციებსაც, ანგარიშს გიწევდნენ, გენდობოდნენ დასავლეთშიც და აღმოსავლეთში, მით უმეტეს-ჩრდილოეთში, ეს ჰარიჰარად დიახაც არ ხდება. და ეს, მარტივად რომ ვთქვათ, იმიტომ, რომ მის სიტყვას ფასი(!) აქვს, ის მიცემული სიტყვის ერთგულია, „ღრუბელ-ღრუბელ არ დაფრინავს და არ ემალება“ მოწინააღმდეგეს, ყოველთვის მზად არის და ირჩევს პირისპირ დიალოგს, აქვს არგუმენტები, ლოგიკა და ზურგს უმაგრებს რწმენა და ძალა, რომელიც გამოიხატება ორი სიტყვით: საქართველოს ინტერესები! დიახ, კარგად გათვლილი და რეალობიდან გამომდინარე ინტერესები და არა... გულუბრყვილო ემოციები, გულზე „ხელის ბრაგუნი“ და უსაფუძვლო ილუზიები, იმის თაობაზე, რომ შენი ქვეყნის გულისთვის ვინმე მსოფლიო „ომს“ გააჩაღებს!

 

და, აქედან გამომდინარე, ყოველგვარი ღია თუ ფარული მინიშნებები მის გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე, წინათაც და ახლაც, არის უაპელაციო ლაყბობა გაუთვითცნობიერებელ ადამიანთა მხრიდან, ოსტატურად გამოწვეული და წარმართული პოლიტმოწინააღმდეგეთა ბანაკიდან, რომელსაც აქვს შეუზღუდავი საშუალება და დიდი პრაქტიკა ე.წ. „შავი პიარის“ მეშვეობით თეთრის ნებისმიერ ფერად „გასაღებისა“ (ან, პირიქით). განსხვავებით ნაღდი(!) რუსეთუმეებისაგან, რომლებმაც ღიად თუ ფარულად მთელი ჩვენი „სტრატეგიული ეკონომიკა“ პუტინ-ჩუბაის-სეჩინის სტრუქტურებს „გადააბარეს“ (რა თქმა უნდა „უანგაროდ“), და კონკრეტული ფაქტებიდან, პრაქტიკიდან გამომდინარე, ძნელია ვინმემ დამარწმუნოს იმაში, რომ რუსეთუმეა ქალბატონი ნინო, ან მისი ოჯახი და თანამოაზრეთა საახლობლო. ცილისმწამებლებისთვის და ნებსით თუ უნებლიედ დეზორიენტირებული მოხალისე-კრიტიკოსებისთვის მწარედ გასაგონი სიმართლე მას მიუხლია პირში არაერთგზის, ხმამაღლა, ხაზგასმულად, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე: ვერ, ვერ ეღირსებით!!!!

 

...და თუ საგნებს თავის სახელს დავარქმევთ, უფრო უპრიანი იქნებოდა, ნინო ბურჯანაძისთვის გვეწოდებინა გამორჩეული ქართველი პოლიტიკოსი, რომელსაც გამოცდილება, გონიერება და ვაჟკაცობა კარნახობს საქართველოს დღევანდელობა და მისი მომავალი განიხილოს და შეაფასოს ერთადერთი სწორი მიდგომით -პრაგმატულად(!!!!),მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე მსოფლიოსა და უშუალოდ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური სივრცის რეალობების გათვალისწინებით. ვიმეორებ: ქვეყნის ბედ-იღბლის გადაწყვეტისას საჭირო ასეთ მიდგომას ჭირდება არა მარტო ფართო პოლიტიკური ხედვა(!) და სახელმწიფოებრივი აზროვნება(!), არამედ სამშობლოს გულწრფელი სიყვარული, დიდი, პირადი სიმამაცე, თანმიმდევრულობა და პრინციპულობა. რამდენად მისაღებ-ასატანია ეს გზა საქართველოს პოლიტელიტისთვის, დაადასტურა გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ დღემდე განვითარებულმა მოვლენებმა, რომლებმაც მემკვიდრეობად დაუტოვეს შემდგომ თაობებს გაპარტახებული ქვეყანა -დანგრეული ეკონომიკით, ბოლო ჭანჭიკამდე თურქეთში ჯართად გაზიდული ფაბრიკა-ქარხნებით, ლომაია-შაშკინის „რეფორმებით“ მორღვეული მეცნიერება-განათლების სისტემით, დანაწევრებულ-დაკარგული ტერიტორიებით, გამწვავებული კუთხურობით და იარაღით დაპირისპირებული, სხვადასხვა შეურაცხმყოფელი იარლიყებმიკერებული თაობებით და ფენებით, დაცემული ზნეობით, უყურადღებოდ მიტოვებული მშობლიური ენითა და დაბეჩავებული კულტურით.

 

ამ ფონზე ეგებ არ ღირდეს ერთ ნიშანდობლივი ფაქტის გახსენება, მაგრამ, მაინც, ზოგიერთი, „სმენა-მხედველობა-დაქვეითებული“ მოქილიკის გასაგონად: თუ ვინმეს ჰგონია რომ 35-40 გრადუსიან მოსკოვურ ყინვაში ჩასაცმელი დათბუნებული „ჩექმის“ საყიდელი თანხა ბურჯანაძეებს გაუჭირდებოდათ, ნამეტნავად ბრიყვი ყოფილა. მაგრამ როცა რუსეთის თავფეხიანად თბილად შეფუთული ელიტის გვერდით უაღრესად დახვეწილი და უზადოდ (არასაზამთროდ) ჩაცმული ქართველი ქალბატონი ამაყად, თავაწეულად და ღირსეულად წარმოადგენდა არა მარტო თავისი ქვეყნის პოლიტიკურ ოპოზიციას, არამედ ჩემი სამშობლოს იმ მანდილოსან პოლიტიკოსებს, ვინც პოლიტბატალიების მიუხედავად ყოველთვის უნდა რჩებოდნენ, უბრალოდ და ჩვეულებრივ... ქალებად(!!!)

 

მე მიხაროდა და მეამაყებოდა ეს „სურათი“, რამეთუ მასზე გამოხატული გახლდათ არა ვინმე ზოგადი „გუგული“, „ჩიორა“ ან „ენძელა“, არამედ საქართველოში ორჯერ ნასპიკერალი და, პრაქტიკულად, ნაპრეზიდენტალი სახელმწიფო მოღვაწე, ნაღდი მეცნიერი, ჩინებული მეოჯახე და ორი შვილის დედა, მუდამ დახვეწილი ქართველი მანდილოსანი ნინო ბურჯანაძე ბრძანდებოდა!

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner