ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ კობა გვენეტაძის ეროვნული ბანკის დირექტორად დანიშვნა მყისიერად დაეტყო ლარს.
მისი თქმით, გიორგი ქადაგიძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ლარი გამყარდა მსოფლიოს თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით.
„ლარი ერთ-ერთი მაჩანჩალა იყო 2016 წლის 25 თებერვლის ჩათვლით, სანამ ქადაგიძე იყო სათავეში. როგორც კი პოლიტიკური ტყვეობიდან გათავისუფლდა ლარი, მან დაიწყო ეკონომიკური მდგომარეობის ბუნებრივი ასახვა. იყო რეგიონალური პრობლემები, რის გამოც ლარი აუცილებლად გაუფასურდებოდა, მაგრამ არა ისე, როგორც ეს მოხდა. დღეისათვის ლარმა დაიწყო იმ დადებითი ტენდენციების ასახვა, რომელიც მიმდინარეობს ეკონომიკაში. მას უკვე პოლიტიკურად ვერავინ უშლის ხელს. ქადაგიძე წავიდა, გვენეტაძე თავის სიმაღლეზეა, ზედამხედველობა გამოსწორდა, დარეგულირდა რეფინანსირების მაჩვენებელი და გადაიდგან სერიოზული ნაბიჯები",- განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
როგორც მან აღნიშნა, გვენეტაძე ძალიან კარგად მეურვეობს პროცესს. მისივე პროგნოზით, ლარის გამყარების პროცესი გაგრძელდება.
„ვფიქრობ, რომ თვის ბოლომდე ლარი 1,90-1,95 მიდამოებში დასტაბილურდება. ახლა გვაქვს ძალიან კარგი სურათი, რითაც გამოვირჩევით რეგიონში",-აღნიშნა დუნდუამ.