დიღომში ახალი სპორტის სასახლე აშენდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით, მშენებლობა 2021 წლამდე დასრულდება.
ახალმა სპორტის სასახლემ 2021 წელს თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ საერთაშორისო საკალაბურთო ღონისძიებას უნდა უმასპინძლოს.
მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ახალი სპორტის სასახლე ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით აშენდება და თანამედროვე მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს საქართველო უმასპინძლებს. ამის შესახებ ცნობილი დღეს მიუნხენში გამართულ ცერემონიაზე გახდა.
საქართველოს გარდა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ჩატარების სურვილს ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია და სლოვენია გამოთქვამდნენ.
ევროპის რიგით 41-ე ჩემპიონატი კალათბურთში 2021 წლის 17-29 აგვისტოს გაიმართება. საქართველოს გარდა ევრობასკეტის მატჩები ჩეხეთში, გერმანიასა და იტალიაში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ მიუნხენში გამართულ ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.