logo_geo
eng_logo
უნიკალური ოპერაცია ჩაფიძეში: გულის ორი მესამედი შეცვლილია!
- +

16 ივლისი. 2019. 19:16

 

ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, რომელსაც ავთო ჯორბენაძე და მისი ღირსეული შთამომავლობა ხელმძღვანელობენ, არაერთი პაციენტი მოუბრუნებიათ სიცოცხლისკენ, მაგრამ ამჯერად ნამდვილი სასწაული მოხდა: 60 წლის მამაკაცს 7,5-საათიანი უნიკალური ოპერაციით, გულის თითქმის ორი მესამედი გაუახლეს, ხოლო გულიდან გამომავალი თავის ტვინის მთავარი სისხლძარღვები პროთეზით ჩაუნაცვლეს. ამჟამად პაციენტი თავს შესანიშნავად გრძნობს. ის კი არა, დღეში 2 კილომეტრამდე მანძილსაც ფეხით დადის. ვესაუბრებით ჩაფიძის გულის ცენტრის კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ამ სასწაულის ჩამდენ პროფესორ ზვიად ბახუტაშვილს:

 

 

- სასწაულს მხოლოდ უფალი სჩადის, ჩვენ, ექიმები, იმ ფარგლებში ვმოქმედებთ, რისი ნიჭიც უფალმა მოგვმადლა. რადგან ეს ოპერაცია ადამიანის ხელით გაკეთდა, პირადად მე სასწაულად არ მივიჩნევ. თუმცა, უნდა გამოგიტყდეთ, რომ ეს იყო მართლაც ურთულესი და უნიკალური ოპერაცია.

 

- რა დაზიანებები ჰქონდა პაციენტს?

 

- პაციენტი ჩვენთან თავდაპირველად შუნტირებისა და აორტის სარქვლის შეცვლის მიზნით მოვიდა, მაგრამ ექიმების ყურადღება იმით მიიქცია, რომ აორტის რკალი და მისგან გამომავალი ბრახიოცეფალური (თავის ტვინის მკვებავი) არტერიები - მხარ-თავის ღერო, მარცხენა საერთო-საძილე არტერია და მარცხენა ლავიწქვეშა არტერია უკიდურესად კალცინირებული და გარკვეული სახის ანთებითი პროცესების შედეგად მძიმედ იყო დაზიანებული. მარტივად რომ ვთქვათ, სისხლძარღვებში, რომლებიც რბილი და ელასტიკური უნდა იყოს, ექოსკოპიამ გაქვავებული ელემენტები გამოაჩინა. შემდეგ კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ დაადასტურა, რომ ეს მსხვილი სისხლძარღვი რკალის ჩათვლით და მისგან გამომავალი სისხლძარღვების საწყისი ნაწილები ერთიანად გაქვავებული იყო და ამის გამო ჩვეულებრივი ოპერაცია კომპლექსურ და მოცულობით ოპერაციაში გადაიზარდა.

 

რამდენადაც აორტის რკალიდან თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვები გამოდის, თავის ტვინის სისხლით მომარაგების შეფერხება რამდენიმე წამითაც დაუშვებელია. ოპერაციის სირთულეც სწორედ ამ დილემის გადაჭრაში მდგომარეობდა. თავის ტვინის მკვებავ სისხლძარღვებთან ერთად აორტის რკალის შეცვლის ოპერაცია ადრეც ჩაგვიტარებია, მაგრამ ამჯერად გულზე აორტული სარქველის შეცვლა და შუნტირება (2 შუნტი) გახდა საჭირო. გულზე ამგვარი ოპერაცია საკმაოდ მოცულობითია და მაღალ პილოტაჟს მოითხოვს. ამერიკის შეერთებულ შტატებში იგი მაღალი რისკის ოპერაციებს განეკუთვნება და 100-დან 5 შემთხვევაში პაციენტის სიკვდილით მთავრდება. არადა, ეს ყველაფერი მხოლოდ პრელუდია გახლდათ იმ ძირითადი ოპერაციის წინ, რომელიც ამის შემდეგ დავიწყეთ.

 

- რაში მდგომარეობს უნიკალურობა?

 

- საქმე იმაშია, რომ გაქვავებულ მონაკვეთში ნებისმიერი პროცედურის ჩატარება ძალზე რთულია, რადგან ყოველ წამს შეიძლება გაქვავებული მასა მოწყდეს ლოკაციას, თავის ტვინისკენ წავიდეს და შეუქცევადი პროცესი გამოიწვიოს. მოცულობით ოპერაციას ქირურგი როგორღაც გაუმკლავდება, მაგრამ მთავარია, პაციენტის ორგანიზმმა გადაიტანოს ოპერაციის თანმდევი დიდი ტრავმა. მართალია, გულის გაჩერება და სისხლის მიმოქცევის ხელოვნურ სისტემაზე გადაყვანა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდებით ხდება, მაგრამ ხანგრძლივად ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, თავის მხრივ, რიგ მავნე შედეგებს განაპირობებს. თანამედროვე მედიცინაში სხვა საშუალებებთან ერთად არსებობს „ღრმა ჰიპოთერმიის“ მეთოდი, როცა ორგანიზმის ტემპერატურა 24 გრადუსზე ქვემოთ, ზოგჯერ, 18 გრადუსამდე შეიძლება ჩამოვიყვანოთ. ასეთ მდგომარეობაში შესაძლებელია, თავის ტვინს 20-40 წუთის განმავლობაში შევუწყვიტოთ სისხლის მიწოდება, რაც საშუალებას იძლევა, ხელოვნური სისხლის მიმოქცევაც შეწყდეს და ეს დრო ქირურგმა სისხლძარღვებზე მუშაობისთვის ოპტიმალურად გამოიყენოს. თუმცა, რისკები ამ მეთოდსაც ახლავს. მისი გამოყენების შემდეგ განსაკუთრებით რთული პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი დგება, რადგან სისხლის შემადედებელი ფაქტორები იცვლება.

 

ჩვენს შემთხვევაში მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ ვერცერთ კომპონენტს ვერ ამოვაგდებდით - პაციენტი რამდენიმე თვეში ისევ საოპერაციო შეიქნებოდა. დავრწმუნდით, რომ შინაგანი ორგანოები წესრიგში ჰქონდა და გადავწყვიტეთ, ოპერაცია გაგვერისკა. ხელოვნურად სისხლის მიმოქცევის უზრუნველსაყოფად სისხლის მომარაგება ორი სხვადასხვა მხრიდან - ბარძაყის არტერიიდან და მარჯვენა ლავიწქვეშა არტერიიდან მოვახდინეთ და შევძელით, რომ 32 გრადუსზე დაბლა ორგანიზმის ტემპერატურა არ ჩამოგვეყვანა, თანაც, თავის ტვინისთვის სისხლის მიწოდება არ შეგვეწყვიტა. მიდგომამ თვალსაჩინო შედეგები გამოიღო - ოპერაციის დასრულებიდან სულ რაღაც 12 საათის შემდეგ პაციენტი კონტაქტში შემოვიდა. ჩვენს თხოვნაზე - პირი გაეღო და წყალი მიეღო - პასუხი გაგვცა, რაც ღრმა ჰიპოთერმიის (24 გრადუსამდე ორგანიზმის გაციების) შემთხვევაში გამორიცხული იქნებოდა.

 

 

- ასეთი მასშტაბური ოპერაციის წარმატების საფუძვლად რა მიგაჩნიათ?

 

- საოპერაციო მაგიდასთან თითქმის 8 საათი ვიდექი, ამ ხნის განმავლობაში წუთითაც არ მქონია შესვენების საშუალება. 11 ანასტომოზი (სისხლძარღვების ერთმანეთთან ან პროთეზთან შეერთება) გაკეთდა, ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც პაციენტს ერთი ოპერაციის დროს, ხუთზე მეტი მანიპულაცია ჩავუტარეთ: ორი კორონალური არტერიის შუნტირება, აორტის სარქვლის, აღმავალი აორტის, აორტის რკალის, მხარ-თავის ღეროს, მარცხენა საძილე და მარცხენა ლავიწქვეშა არტერიის პროთეზირება! იმ 7 ათას ოპერაციას შორის, რომელიც ჩაფიძის კლინიკაში გულზე ჩატარებულა, მსგავსი მოცულობის ოპერაცია ჯერ არ ყოფილა. ასეთ ოპერაციებს მნიშვნელოვანი ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსი სჭირდება! წარმატებას განაპირობებს საოპერაციო გუნდი, რომელიც დაძაბულობის გარეშე მოქმედებს, რომლის წევრები იმდენად შეწყობილები არიან, რომ ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით. ქირურგი ისედაც დაძაბულია, ხელს რომ გაიწვდის, ზუსტად უნდა იცოდეს, რომ საჭირო ინსტრუმენტს მიაწვდიან.

 

საოპერაციოში ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსია, სამაგიეროდ, ემოციური ფონია მაღალი და თუ გუნდის რომელიმე წევრი ანსამბლიდან ამოვარდება, ოპერაციის დრო ხანგრძლივდება და სისხლის დანაკარგი მოიმატებს, რაც ოპერაციის საბოლოო შედეგზე უარყოფით გავლენას იქონიებს. ამიტომ 27 ივნისს ჩატარებული ოპერაცია სრულიად იმ გუნდის გამარჯვებაა, რომელთან ერთადაც უკვე 18 წელია, მიწევს შრომა!

 

- რა შეგიძლიათ, გვითხრათ პაციენტის შესახებ?

 

- ამ პაციენტის შესახებ საპასპორტო მონაცემების გარდა არაფერი ვიცი. ვცდილობ, ოპერაციამდე პაციენტებთან ახლო ურთიერთობაში არ შევიდე, ოპერაციის დროს ისედაც მაღალია დაძაბულობის ფონი და შეიძლება ამას სუბიექტური შეგრძნებებიც დაემატოს. ნათქვამია, რომ ქირურგმა თავის ახლობელს ოპერაცია არ უნდა გაუკეთოს, არადა, პაციენტები ოპერაციამდე ჩემთან დამეგობრებას ცდილობენ, ჰგონიათ, რომ ამით მეტი გარანტიები ექნებათ... მათ ავუხსენი, რომ ჯობს, ოპერაციამდე ობიექტური გადაწყვეტილებები უემოციოდ მივიღო, ვიდრე ემოციებით დატვირთულმა შეცდომა დავუშვა. ოპერაციის შემდეგ კი ყოფილ პაციენტებთან ჩემი ურთიერთობა ხშირად მეგობრობაში გადასულა.

 

- თქვენი პაციენტი ახლა როგორაა?

 

- როგორც მოგახსენეთ, ოპერაციიდან ერთ კვირაში გაეწერა. ამჟამად ამბულატორიულ მეთვალყურეობაზეა, დღეში 1-2 კილომეტრს დადის. შრომისუნარიანობაც ნელ-ნელა უბრუნდება.

 

 

ქირურგისგან დამოუკიდებლად „ასავალ-დასავალმა“ პაციენტის ვინაობა დაადგინა, ის 60 წლის რუბენ ქართველიშვილია.

 

- თავს კარგად ვგრძნობ და ამაში მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ვგულისხმობ, ის გარემო, სადაც ვარ, მეხმარება კიდევ უფრო გავიაზრო, რომ სიცოცხლისთვის ბრძოლა ნამდვილად ღირს. ოპერაციამდე 9 წლის განმავლობაში წამლებს ვსვამდი, გული დიდი ხანია მაწუხებს, თუმცა, ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს მაინც მიწაზე მუშაობას ვუთმობ. ეს ის საქმეა, რომელსაც თავს ვერ ვანებებ, მიყვარს. იმ დღესაც ყვავილებს ვრწყავდი, უეცრად თვალთ დამიბნელდა, ავკანკალდი და გული წამივიდა. სასწრაფო დახმარების სამსახურმა აქ მომიყვანა, აღმოჩნდა, რომ საოპერაციო გახლდით. არ შემშინებია, არც მინერვიულია, ერთადერთი გრძნობა გადარჩენის სურვილი იყო. მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო მომღიმარ და პროფესიონალ ადამიანებს, რომლებიც აქ მუშაობენ, განსაკუთრებით ბატონ ზვიად ბახუტაშვილს, მან მე სიცოცხლე მაჩუქა. ახლა ყველაზე მეტად მინდა, ჩემს საქმეს დავუბრუნდე.

 

 

 

 

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner