ავტორი ალა გრიგალაშვილი
„პოლიტიკურ თემებზე საუბარი გვქონია, მაგრამ პოლიტიკურ ალიანსზე არასოდეს გვისაუბრია", - ამის შესახებ ჯონდი ბაღათურიამ დეპუტატ თამაზ მეჭიაურთან შესაძლო პოლიტიკურ თანაშრომლობაზე საუბრისას „რეპორტიორს" განუცხადა. „ქართული დასის" ლიდერის თქმით, თამაზ მეჭიაურთან დიდი ხანს მეგობრული და კარგი პირადი ურთიერთობები აკავშირებს, თუმცა ის და მეჭიაური პოლიტიკური გაერთიანების საკითხს არასოდეს შეხებიან.
„ქართულ დასს" უკვე აქვს ალიანსი „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობასთან". ხვალ და ზეგ რა იქნება, ეს მომავლის საკითხია.
ბატონი თამაზი ნიჭიერი კაცია და მას ბევრი კარგი იდეა აქვს. მისაღებია მისი პოზიცია საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით; ის მთლიანად თანხვედრაშია „ქართული დასის" და „დემოკრატიული მოძრაობის" შეხედულებებთან. ასე რომ, ამ და კიდევ სხვა საკითხზე თანხვედრა ნამდვილად არსებობს. გამორიცხვით, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, უბრალოდ, ალიანსზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა", - ამბობს ბაღათურია.
„ქართული დასის" ლიდერის შეფასებით, მეჭიაურს აქვს რეალური შანსი, პოლიტიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო გაძლიერდეს.
„ბატონი თამაზი ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურებულია და უმრავლეს შემთხვევებში, ის სწორ პოზიციებს აფიქსირებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ თუ მან გონივრულად და სწორად გააგრძელა, აქვს დიდი შანსი, რომ პოლიტიკურად კიდევ უფრო გაძლიერდეს. წარმატებას ვუსურვებ", - განაცხადა ბაღათურიამ.