logo_geo
eng_logo
პროკურორი: აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის აღიარებითი ჩვენება გვაქვს
- +

17 ივლისი. 2019. 12:59

 

 

„სახელმწიფო ბრალდებას 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის აღიარებითი ჩვენება აქვს“, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა განუცხადა.

 

როგორც პროკურორი განმარტავს, დაკავებული პოლიციელის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.

 

„ბრალდებულის მხრიდან შესაძლო მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების და აღკვეთის ღონისძიების სხვა მიზნების შესრულებისთვის ბრალდების პოზიცია გახლავთ, მის მიმართ გამოყენებული იქნას ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით. რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს, საქმეში მოიპოვება არაერთი მტკიცებულება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი, ეს გახლავთ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მისი აღიარებითი ჩვენება, ასევე ვიდეოკადრები, რომელიც მასმედიის საშუალებით გავრცელდა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჩვენებები“, -განაცხადა მუჯირმა.

 

დაკავებულ სამართალდამცველს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

 

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულმა თანამშრომელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაკავებულ იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღნიშნული მუხლი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner