ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა სოციალურ ქსელში აუზზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ასათიანს კიცხავდნენ შვილის გარდაცვალების შემდეგ მსგავსი ფოტოების გადაღებისა და გამოქვეყნებისთვის. თუმცა, მას მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ და კომენტარებში ამხნევებდნენ.
ტელეწამყვანმა საზოგადოების უარყოფით რეაქციებს ვიდეომიმართვით უპასუხა და მხარდამჭერებსაც მადლობა გადაუხადა.
„ყველას მინდა, მადლობა გითხრათ, თითოეული თბილი სიტყვა ჩემთვის ნიშნავს ძალიან ბევრს. იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც მე ვარ, ნებისმიერი პოზიტიური სიტყვები ჩემთვის არის მართლა სინათლის სხივი. და სულ ვაძლევ ხოლმე ჩემს თავს პირობას, რომ უარყოფით დამოკიდებულებაზე აღარ მექნება რეაქცია, მაგრამ მაინც მოქმედებს ეს ჩემზე. მაპატიეთ, რომ ამის ახსნა მუდმივად მჭირდება და ახლა იმ ადამიანებს მივმართავ, ვისაც ახსნა სჭირდება, თუ რას ნიშნავს ქალისთვის, ერთადერთი შვილი რომ უკვდება. ეს არ არის სიცოცხლე, მე ვარ მუდმივად სიკვდილში და მუდმივად ვებრძვი ამას. და თქვენ მინდა გითხრათ, ქალებსა და დედებს, რომლებიც მლანძღავთ, რომ ზაფხულში საცურაო აუზზე მაცვია წითელი, მე ვარ ცოცხალი, ვაგრძელებ ცხოვრებას, რომელიც ცოცხალი არ არის. ყოველ წამს ვიხედები გვერდით, რადგან მგონია, ჩემი შვილი აქ არის. მადლობა ყველას, ვინც გვერდით მიდგას, უცნობებსა და ნაცნობებს. რატომ მჭირდება აგიხსნათ, რომ ცუდად ვარ, არ ვიცი. მინდა იცოდეთ, ყოველთვის კარგად არ ვარ. კარგად ყოფნა ჩემნაირი ქალისთვის შეუძლებელია. რა გითხრათ, აბა? გათენება და დაღამება შვილმკვდარი ქალისთვის არის კოშმარი. მე ვცდილობ, ეს კოშმარი ჩემთვის გაძლებადი იყოს და ვაკეთებ იმას, რაც მე და ჩემს შვილს ძალიან გვიყვარდა – ვცურავ. გაგიკვირდებათ და 21-ე საუკუნეში ცურვა საცურაო კოსტიუმით არის შესაძლებელი… და კი, მართობს ხანდახან ასეთი ფოტოების დადება და ყურადღება გადამაქვს. ღმერთმა არავის მოუვლინოს ეს სასჯელი, როგორსაც მე ვატარებ. ყველას თავისი ჯვარი აქვს. და ნუ განიკითხავთ…“ – ამბობს ვიდეომიმართვაში მაია ასათიანი.